კრემლის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სააღდგომოდ ცეცხლის დროებით შეწყვეტა გამოაცხადა.
„მოახლოებულ მართლმადიდებლურ დღესასწაულთან, აღდგომასთან დაკავშირებით, 11 აპრილის 16:00 საათიდან 2026 წლის 12 აპრილის ბოლომდე ცხადდება ცეცხლის შეწყვეტა… ჯარები უნდა იყვნენ მზად მტრის მხრიდან შესაძლო პროვოკაციებისა და ასევე ნებისმიერი აგრესიული ქმედებების მოსაგერიებლად. ვვარაუდობთ, რომ უკრაინული მხარეც მიჰყვება რუსეთის ფედერაციის მაგალითს“.- წერია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არიან „სარკისებური ნაბიჯებისთვის”.
„უკრაინას არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ სარკისებური ნაბიჯებისთვის. ჩვენ ვთავაზობდით წელს ცეცხლის შეწყვეტას აღდგომის დღესასწაულის დროს და შესაბამისად ვიმოქმედებთ“, – დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.
უკრაინის პრეზიდენტმა 30 მარტს განაცხადა, რომ უკრაინა მზად არის ცეცხლის შესაწყვეტად აღდგომის დღესასწაულის დღეებში და საერთოდაც მზად არის საბრძოლო მოქმედებების დასასრულებლად, თუ რუსეთის მხრიდანაც მსგავსი მზადყოფნა იქნება.
მისივე თქმით, თქმით, ნორმალური ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს პატივს სცემენ, საუბრობენ არა დროებით, არამედ ცეცხლის მუდმივ შეწყვეტასა და ომის დასრულებაზე, მაგრამ უკრაინა მზად არის ნებისმიერი კომპრომისისთვის, გარდა უკრაინის ღირსებასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული კომპრომისისა.
1 აპრილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ს სთხოვა რუსეთს გადასცენ კიევის შეთავაზება სააღდგომო პერიოდში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების დროებით შეწყვეტის შესახებ.
მაშინ ზელენსკი აცხადებდა, რომ ამერიკულ მხარეს გადასცემს უკრაინის წინადადებას ენერგეტიკული ობიექტებზე დროებითი სააღდგომო ზავის შესახებ, თუმცა, მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან მსგავსი ინიციატივის მიმართ არანაირი სიგნალი არ ყოფილა.
პუტინმა „სააღდგომო ზავი” შარშანაც გამოაცხადა. თუმცა, ხერსონის ოლქის გუბერნატორი ოლექსანდრ პროკუდინი ოფიციალურ ტელეგრამ-არხზე წერდა, რომ ცეცხლის დროებით შეწყვეტის გამოცხადების მიუხედავად, რუსები ხერსონს უპილოტო საფრენი აპარატებით თავს დაესხნენ.