„პუტინს რეზიდენცია სურს" — ბჟანიამ კვლავ ისაუბრა რუსეთისთვის ბიჭვინთის აგარაკების გადაცემაზე

პუბლიკა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ კიდევ ერთხელ თქვა, რომ ბიჭვინთის აგარაკებს რუსეთს გადასცემენ – იქ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს რეზიდენციის მოწყობა უნდა.

ვიდეო, სადაც ბჟანია ამ თემაზე ლაპარაკობს, გაავრცელა მოძრაობამ „აფხაზეთისთვის”. მითითებულია, რომ ვიდეოჩანაწერი გაკეთდა 17 ნოემბერს.

„საუბარია არა მიწის, არამედ შენობა-ნაგებობების გადაცემაზე. იქ კაპიტალური რემონტია ჩასატარებელი. ეს ობიექტები ისედაც რუსეთის ფედერაციის მმართველობაშია, თუმცა საკუთრებაში არ აქვთ.

ჩვენ რუსეთის ხელისუფლებამ 2009 წელს მოგვმართა და მას შემდეგ პერიოდულად სვამენ კითხვას მათთვის ამ შენობა-ნაგებობების გადაცემის მოთხოვნით. ამ შენობა-ნაგებობების საერთო ტერიტორია 4 000 კვადრატული მეტრია. ეს საკითხი არა მხოლოდ სამართლებრივია, არამედ პოლიტიკურიც იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ნაწილობრივ აღიარებული ქვეყანაა; რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გათვალისწინებით, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იქ არაერთხელ იმყოფებოდა და ჩასვლა კიდევ სურს, შენობის საკუთრებაში გადაცემა მოითხოვეს. კანონით მათ არ შეუძლიათ კაპიტალური ინვესტიციის განხორციელებამ საზღვარგარეთ, თუ ობიექტი რუსეთის საკუთრებაში არ არის.

ვლადიმირ პუტინს სურს თანამედროვე რეზიდენციის მოწყობა თავისი საჭიროებებისთვის და ვფიქრობ, შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

რეალურად, ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოგვარდება ეს საკითხი.

ჩვენ განსაკუთრებული ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან. მითხარით, აქ დამსწრეს რამდენს არ აქვს რუსეთის მოქალაქეობა. ხედავთ, 400 ადამიანიდან და მხოლოდ 30-ს. ჩვენ რუსულად ვლაპარაკობთ, ისინი  ჩვენი ახლობელი ადამიანები არიან და ამ საშიშ დროში, როცა ყველა რუსეთის წინააღმდეგ ამხედრდა, ასეთ საკითხებში შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადავდგათ. ახლა იმაზე დავა – მივცეთ თუ არა მათ სახელმწიფო აგარაკი, ცუდი და არასწორ დისკუსიაა”. – თქვა ასლან ბჟანიამ.

2022 წლის იანვარში აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის მთავრობასა და რუსეთს შორის საიდუმლო ვითარებაში გაფორმდა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც,  სამთავრობო აგარაკი “ბიჭვინთა” რუსეთის ფედერაციის მფლობელობაში გადავა. კერძოდ: ოკუპანტი ქვეყნის მფლობელობაში 186 ჰექტარი მიწა და საზღვაო სივრცის 115 ჰექტარი გადადის. ყველა შენობა-ნაგებობა ფედერალური დაცვის სამსახურის საკუთრება ხდება, ხოლო შავი ზღვის აკვატორია მიმდებარე მიწებით რუსეთს 49-წლიანი იჯარით გადაეცემა. დოკუმენტი რუსეთისთვის უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემას ითვალისწინებს.