„პუტინს წარმოდგენაც არ აქვს, რა ელის“ | ბაიდენის მიმართვა ხალხს და კონგრესს

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტი კონგრესში სიტყვით გამოვიდა, ამერიკელ ხალხს მიმართა და უკრაინის საკითხზე ისაუბრა. ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ დახურავს საჰაერო სივრცეს რუსეთისთვის და დაუპირისპირდება იმ ოლიგარქებს, რომლებიც პუტინს უწყობს ხელს.

„ჩვენ ვუერთდებით ევროპელ მოკავშირეებს, რომ ვიპოვოთ და ჩამოგართვათ იახტები, მდიდრული სახლები და კერძო თვითმფრინავები. ჩვენ მივაკითხავთ თქვენ მიერ არაკეთილსინდისიერად შეძენილ ქონებას“, – მიმართა ბაიდენმა ოლიგარქებს და დასძინა, რომ აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი ქმნის სპეციალურ ჯგუფს, რომელიც დაიწყებს გამოძიებას ოლიგარქების წინააღმდეგ.

ბაიდენის თქმით, რუსეთი იზოლაციაში ექცევა; დაიხურა მათთვის საჰაერო სივრცე; უდიდესი ბანკები ჩახსნეს საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან და ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვით პუტინის „ომის ფონდი“ უსარგებლო გახდა.

ბაიდენის თქმით, პუტინმა გააჩაღა ძალადობა და ქაოსი. ამიტომ შეიძლება ბრძოლის ველზე რაიმე მოიპოვოს, მაგრამ ის დიდი ხნის განმავლობაში ამ ყველაფრისთვის მძიმე ფასის გადახდას გააგრძელებს. „მას წარმოდგენაც არ აქვს, რა ელის“, – თქვა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პუტინმა უარი თქვა მრავალჯერ შეთავაზებულ დიპლომატიაზე და ელოდა, რომ NATO მას პასუხს არ გასცემდა, თუმცა დასავლეთი ემზადებოდა მასთან დაპირისპირებისთვისაც.

„ჩვენ საფუძვლიანად და საგულდაგულოდ მოვემზადეთ. პუტინის საპირისპიროდ თვეების განმავლობაში ვქმნიდით კოალიციას სხვა თავისუფლებისმოყვარე ერებთან ევროპაში, ამერიკაში, აზიასა და აფრიკაში. მრავალი საათი გავატარე ევროპელი მოკავშირეების გასაერთიანებლად.

ჩვენ წინასწარ გავუზიარეთ მსოფლიოს, რა ვიცოდით პუტინის გეგმების შესახებ და ზუსტად როგორ შეეცდებოდა ის თავისი აგრესიის გამართლებას. ჩვენ რუსეთის ტყუილებს წინ დავუყენეთ სიმართლე და ახლა მას  ჩადენილი ქმედებებისთვის თავისუფალი სამყარო პასუხს აგებინებს“, – თქვა ბაიდენმა.

ასევე, ჯო ბაიდენმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, რომ სწორედ ახლაა ის წუთი, რომ დაიცვან დემოკრატია და აშშ გააგრძელებს თავისი პრინციპების დაცვას.

„მე ვიცნობ ჩვენს ერს. ჩვენ ჩავაბარებთ ამ ტესტს, რომ დავიცვათ თავისუფლება, რომ გზა მივცეთ სამართლიანობასა და შესაძლებლობებს. ჩვენ გადავარჩენთ დემოკრატიას. რამდენადაც მძიმე დროა ახლა, იმდენად ასეთი ოპტიმისტურად განწყობილი არ ვყოფილვარ ამერიკის მიმართ მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში“, – თქვა ბაიდენმა.