პუტინთან ერთობლივი საჯარისო დანაყოფის შექმნაზე შევთანხმდი - ლუკაშენკა

პუბლიკა

ბელარუსის პრეზიდენტის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას თქმით, ის და ვლადიმერ პუტინი რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი რეგიონული საჯარისო დანაყოფის ფორმირებაზე შეთანხმდნენ. ლუკაშენკას კომენტარს ბელარუსული პროსახელისუფლებო გამოცემა BelTA ავრცელებს.

„ჩვენი სამოკავშირეო სახელმწიფოს დასავლეთ საზღვრებთან სიტუაციის გართულების გამო ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩამოვაყალიბოთ და განვათავსოთ რუსეთისა და ბელარუსის ერთობლივი რეგიონული საჯარისო ფორმირება. ეს ყველაფერი ჩვენს დოკუმენტებზე დაყრდნობით ხდება. თუ საფრთხე კიდევ მიაღწევს ისეთ დონეს, როგორიც ახლაა, ჩვენ სამოკავშირეო სახელმწიფოს ამ დანაყოფის გამოყენებას დავიწყებთ.

დანაყოფის ბირთვი, როგორც უკვე არაერთხელ მითქვამს, ბელარუსის შეიარაღებული ძალები იქნება. უნდა გაცნობოთ, რომ ამ დანაყოფის შექმნა დაწყებულია, უკვე ორი დღეა მიმდინარეობს, ჩემი ბრძანების საფუძველზე“, – განაცხადა ლუკაშენკამ უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევის შემდეგ.

ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ბელარუსს შეიძლება უკრაინა დაესხას თავს. მისი თქმით, არაოფიციალური წყაროებით გაიგო, რომ შეიძლება ყირიმის ხიდის მსგავსი ინციდენტი მოხდეს. რაზეც ბელარუსის პასუხი მკაცრი იქნება.

ლუკაშენკამ ბელარუსის წინააღმდეგ შესაძლო აგრესიაში დასავლეთიც დაადანაშაულა და თქვა, რომ NATO-ს რამდენიმე ქვეყანაში ფიქრობენ, დაესხან თუ არა თავს ბელარუსს.