საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან საუბრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი უკვე უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართა. ამის შესახებ ზელენსკი Twitter-ში წერს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მან და მაკრონმა უკრაინის უსაფრთხოებაზე ისაუბრეს, ასევე განიხილეს „ნორმანდიულ ფორმატში“ სამშვიდობო პროცესის გააქტიურების გზები და სამმხრივი საკონტრაქტო ჯგუფის მოლაპარაკებები.
„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები ბოლო საერთაშორისო მოლაპარაკებების თაობაზე. ვაფასებ ემანუელ მაკრონის პირად ჩართულობას დეესკალაციის პროცესში“, – აღნიშნა ზელენსკიმ ტვიტში.
Продовжили діалог з @EmmanuelMacron. Подякував за його візит до ??. Говорили про безпекову ситуацію та шляхи активізації мирного процесу в межах #N4, ТКГ. Обмінялися думками щодо останніх міжнародних перемовин. Ціную особисту залученість Еммануеля Макрона у процес деескалації.
— Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) February 12, 2022
უკრაინის პრეზიდენტთან საუბრამდე, მაკრონმა სატელეფონო საუბარი პუტინთან გამართა. საუბრისას საფრანგრეთის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს განუცხადა, რომ გულწრფელი მოლაპარაკებები უკრაინის გარშემო დაძაბულობის ესკალაციასთან შეუსაბამოა, – ამის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მედია საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალური პირის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ასევე, ადმინისტრაციის ოფიციალური წარმომადგენლის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბარში ვლადიმერ პუტინს არ მიუნიშნებია, რომ უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.
„ჩვენ ვერ ვხედავთ პრეზიდენტ პუტინის ნათქვამში იმის მინიშნებას, რომ თავდასხმას აპირებს, მიუხედავად ამისა, უკიდურეს სიფხიზლეს ვინარჩუნებთ რუსეთის სამხედრო ქმედების მიმართ, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ყველაზე ცუდი განვითარება,“- განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურმა პირმა.
ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია კრემლის პრესამსახურმაც გაავრცელა. მათი განმარტებით, პუტინმა მაკრონთან საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ აშშ-სა და ნატო-ს რუსეთის ცნობილ შეთავაზებებზე არსებითი პასუხი არ გაუციათ.
კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და მაკრონმა განიხილეს სიტუაცია, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის მიერ უკრაინაში შესაძლო შეჭრის გეგმის გარშემო „პროვოკაციულ სპეკულაციებთან“.
გუშინვე გამართეს სატელეფონო საუბარი ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. თეთრი სახლის წარმომადგნლების ცნობით, ჯო ბაიდენმა და ვლადიმერ პუტინმა 1 საათზე მეტ ხანს ისაუბრეს.
აუბრის გამართვამდე რამდენიმე საათით ადრე შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან თავისი სამხედროებისა და საელჩოს თანამშრომლების დიდი ნაწილი გაიყვანა.