პუტინთან შეხვედრა დისტანციით იმიტომ წარიმართა, რომ მაკრონმა რუს ექიმებთან ტესტი არ გაიკეთა - Reuters

პუბლიკა

7 თებერვალს ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის გამართული შეხვედრის ფოტოებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რუსეთისა და საფრანგეთის პრეზიდენტები მოსკოვში ერთმანეთს ხელის ჩამორთმევის გარეშე შეხვდნენ და შემდეგ გრძელ მაგიდას 4 მეტრის დისტანციით მიუსხდნენ.

ინტერნეტში სხვადასხვა მოსაზრება გავრცელდა, მათ შორის ისიც, რომ ეს შესაძლოა, პუტინის გზავნილი ყოფილიყო მიმდინარე პროცესების ფონზე.

თუმცა, როგორც Reuters წერს, პუტინმა მაკრონთან დისტანციის დაცვა იმის გამო აირჩია, რომ მაკრონის გუნდმა უარი თქვა, საფრანგეთის პრეზიდენტს რუს ექიმებთან გაეკეთებინა კოვიდზე ტესტი, რასაც მოითხოვდა პუტინი.

Reuters წერს, რომ მათ ემანუელ მაკრონის ჯანმრთელობის პროტოკოლზე შიდა ინფორმაციის მქონე ორმა წყარომ მიაწოდა ეს ინფორმაცია. ისინი გამოცემასთან ამბობენ, რომ მოსკოვში მაკრონს მოსთხოვეს, ან რუსი ექიმების გაკეთებული PCR -ტესტით უნდა შეხვედროდა პუტინს, ან დაეცვა მასთან დისტანცია.

„ჩვენ კარგად ვიცოდით, რომ შეხვედრა გრძელ მაგიდასთან ჩაივლიდა ხელის ჩამორთმევის გარეშე. მაგრამ არ შეგვეძლო დავთანხმებოდით ამ მოთხოვნას და პრეზიდენტის დნმ მათ ხელში ჩაგვეგდო“, – ამბობს ერთ-ერთი წყარო Reuters-თან.

მეორე წყარო კი გამოცემასთან ამბობს, რომ მაკრონმა PCR -ტესტი საფრანგეთში, გამგზავრების წინ გაიკეთა, რუსეთში ჩასვლის შემდეგ კი თავის ექიმთან ანტიგენტესტიც დაურთო, მაგრამ კრემლში მოითხოვდნენ, რომ მას უშუალოდ რუს ექიმებთან უნდა გაეკეთებინა PCR -ტესტი.

„რუსებმა გვითხრეს, რომ პუტინს სჭირდებოდა მის გარშემო მყოფი ადამიანების ჯანმრთელობის მკაცრი კონტროლი“, – ამბობს მეორე წყარო Reuters-თან.

7 თებერვალს ვლადიმერ პუტინსა და ემანუელ მაკრონს შორის შეხვედრა, რომელიც 5 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, მთლიანად გრძელ მაგიდასთან, 4-მეტრიანი დისტანციის დაცვით წარიმართა. დისტანციის დაცვით გამართეს შეხვედრის შემდეგ რუსეთისა და საფრანგეთის ლიდერებმა პრესკონფერენციაც.

თუმცა, მაკრონის შემდეგ პუტინი ყაზახეთის პრეზიდენტს შეხვდა. მაგრამ ამჯერად მას ხელიც ჩამოართვა და პატარა ზომის მაგიდასთან დასხდნენ, რამაც საზოგადოებაში დაბნეულობა კიდევ უფრო გაზარდა.