არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით მათ პარალელური დათვლით მიღებული მონაცემები გადაითვალეს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორია საარჩევნო უბნების 8%-ში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი, რაზეც ორგანიზაციამ თავიდანვე განაცხადა. ორგანიზაციის გამგეობის წევრის ბაია პატარაიას თქმით, ISFED მზადაა, დაინტერესებულ პირებს ამ უბნების შესახებ დეტალური ინფორმაციაც მიაწოდოს.
„ჩვენ გადავწყვიტეთ, ISFED-ის გამგეობამ და გუნდმა, რომ ხელახლა გადაგვეთვალა ყველა PVT უბანი – 850 უბანი. დეტალურად სწავლობდა ამ უბნებს არამარტო PVT-ის გუნდი, არამედ ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც, 20 ადამიანზე მეტი იყო ჩართული, მათ შორის რეგიონული ოფისებიდან.
შემიძლია გითხრათ, რომ მეტობის დისბალანსი შეადგენს უბნების 8%-ს, როგორც ჩვენ ეს ადრე უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ. მიუხედავად იმისა, რომ PVT უბნები, როგორც წესი, რჩება საიდუმლოდ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დავუშვათ გამონაკლისი და ამ 8%-ის ოქმები დეტალურად გავიაროთ ცესკოსთან ან ნებისმიერ სხვა დაინტერესებულ პირთან იმისთვის, რომ ნებისმიერი ეჭვი აღმოიფხვრას და ორგანიზაციამ დააკმაყოფილოს გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტი“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.
„სამართლიანი არჩევნების“ გამგეობის წევრის თქმით, ცესკომ უბნებში გამოვლენილი მეტობითი დისბალანსი არა გადათვლის შემდეგ, არამედ მხოლოდ ახსნა-განმარტების საფუძველზე შეასწორა, ISFED-ს კი მიაჩნია, რომ ეს პრაქტიკა შესაცვლელია.
„რაც შეეხება უშუალოდ ამ 8%-ს. მეტობითი დისბალანსის გასწორება ხდებოდა სხვადასხვა ეტაპზე და სხვადასხვა საშუალებით. სამწუხაროდ, საქართველოში დამკვიდრებულია მეტობითი დისბალანასის გასწორების ძალიან მახინჯი პრაქტიკა. გასწორება ხდება არა გადათვლის საფუძველზე, არამედ ახსნა-განმარტების საფუძველზე, რასაც ჩვენ ვერ მივესალმებით და მიგვაჩნია, რომ ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს.
აქვე გაგაცნობთ ერთ მონაცემს: მარტო ISFED-მა 160 უბანზე მოითხოვა ხმების გადათვლა. თუმცა, აქედან დაკმაყოფილდა მხოლოდ 16. გადათვლას თავისთავად სხვა ორგანიზაციებიც ითხოვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ხმების გადათვლა, რაც ჩაითვლებოდა ერთადერთ სამართლიან და მართებულ საფუძვლად, რომ ჩასწორებულიყო ოქმები, არ შედგა. ეს პრაქტიკა აუცილებლად უნდა შეიცვალოს“, – თქვა პატარაიამ.
არასამთავრობო ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის თამარა სართანიას თქმით, ცესკომ ახსნა-განმარტების საფუძველზე საარჩევნო უბნების 3.6%-ის მონაცემები ოლქებში შეასწორა. რაც იმას ნიშნავს, რომ ოქმებში გამოვლენილი დისბალანსი მხოლოდ საუბნო კომისიის წევრების მიერ დისბალანსის მიზეზების გახსენების საფუძველზე შესწორდა.
„ოქმები შესწორდა ზეპირი ან წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე. უფრო კონკრეტულად ეს იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო კომისიის წევრს ერთი ან რამდენიმე დღის შემდეგ ახსენდება, თითქოს რომელიმე გრაფაში ერთი რიცხვის ნაცვლად უნდა ჩაეწერა მეორე რიცხვი ან ვთქვათ, ამომრჩევლის რაოდენობა ჰქონდა მითითებული არასწორად, ბათილი ბიულეტენები იყო სხვა რაოდენობის და ა.შ. რასაკვირველია, ეს შეიძლება მექანიკური შეცდომა იყოს, მაგრამ ოქმების ჩასწორება უნდა მოხდეს გადათვლის საფუძველზე“, – თქვა სართანიამ.
გარდა ამისა, სართანიას თქმით, შემაჯამებელი ოქმების 1.3%-ში შესწორების ოქმი არც კი შემდგარა და მონაცემები თავად ოქმშივე გადაასწორეს. „ესეც არის საეჭვო პრაქტიკა, რადგან კანონი ითვალისწინებს, რომ შემაჯამებელ ოქმში არ შეიძლება მონაცემების შეცვლა“, – თქვა სართანიამ.
შემაჯამებელი ოქმების 0.6%-ში კი, სართანიას თქმით, მათ მიერ დამოწმებული შემაჯამებელი ოქმები არ დაემთხვა ცესკო-ს მიერ ვებგვერდზე ატვირთულ ოქმებს.
საარჩევნო უბნების 1.8%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ შესწორდა კენჭიყრის დღესვე საარჩევნო უბანზე, თუმცა შესწორების ოქმები შედგა გარკვეული ხარვეზებით შედგა.
სართანიას თქმით, საარჩევნო უბნების 0.7%-ზე პროპორციულ შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული „მეტობით დისბალანსი“ კენჭისყრის დღესვე, საარჩევნო უბანზე შედგენილი შესწორების ოქმების საფუძველზე შესწორდა.