ქაბულიდან ევაკუაცია დასრულდა | ავღანეთი ბოლო ამერიკელმა ჯარისკაცმაც დატოვა

პუბლიკა

ავღანეთში 20-წლიანი სამხედრო ოპერაცია დასრულებულია. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულიდან მოქალაქეებისა და სამხედროების გაყვანა დაასრულა.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გაავრცელა ღამის ხედვის მოწყობილობით გადაღებული ჯარისკაცის ფოტო. რომელშიც მათი განცხადებით ჩანს გენერალ-მაიორი კრის დონეჰიუ, უკანასკნელი ამერიკელი ჯარისკაცი, რომელიც ავღანეთს ტოვებს.


თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთიდან ჯამში 123 000 მოქალაქის ევაკუაცია შეძლეს, რაც აშშ-ის ისტორიაში ყველაზე დიდი არასაბრძოლო ევაკუაციაა.

ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს, ქაბულის დაცემამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანი“ 15 აგვისტოს შევიდა. მოკავშირეთა ძალები ცდილობდნენ, გამოეყვანათ იქ მყოფი და მომუშავე სხვა ქვეყნის მოქალაქეები; ასევე ის ავღანელები, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლურ ორგანიზაციებთან, ან იყვნენ რისკის ქვეშ, რომ მათ „თალიბანი“ დასჯიდა.

ავღანეთში საომარი მოქმედებები აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით მას შემდეგ დაიწყო, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტებმა რამდენიმე თვითმფრინავი გაიტაცეს და შეერთებულ შტატებში ტერაქტები მოაწყვეს.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ავღანეთში „თალიბანმა“ თავშესაფარი და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცა ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ და 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორს უსამა ბინ ლადენს. ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცდანაყოფმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.

მანამდე კი აშშ-მა ავღანეთში გაანადგურა „თალიბანის“ სამხედრო ობიექტები, იერიში მიიტანა დაჯგუფების ლიდერებზე და ავღანეთში მისი მმართველობა შეწყვიტა. ავღანეთში „თალიბანის“ შესუსტებისა და მშვიდობის დაცვის მიზნით აშშ-თან ერთად ოპერაციაში ჩაერთო NATO-ც.

საბოლოოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წელს განაცხადა, რომ 2021 წლის 11 სექტემბრამდე, ავღანეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 20 წლის შემდეგ ამერიკა დატოვებდა ავღანეთს. აშშ-თან ერთად ავღანეთიდან თავისი მოქალაქეებისა და სამხედროების გამოყვანა დაიწყო იქ ჯერ კიდევ დარჩენილმა ოპერაციაში მონაწილე სხვა ქვეყნებმაც.

თუმცა, კოალიციური ძალების გასვლასთან ერთად „თალიბანმა“ სწრაფი აღმასვლა დაიწყო. ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ძალაუფლება იმაზე სწრაფად და მარტივად დაიბრუნა, ვიდრე ამას აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო თავის ანგარიშებში ვარაუდობდა. „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქის დაკავებაც იმაზე მალე შეძლო, ვიდრე ქვეყნიდან დასავლეთის ქვეყნების მოქალაქეებს გაიყვანდნენ.

„თალიბანის“ მმართველობა 1996-2001 წლებში ასოცირდება ძალადობასთან. ორგანიზაცია ქვეყანას შარიათის კანონების რადიკალური ინტერპრეტაციით მართავდა. მიჩნეულია, რომ მისი მმართველობის დროს ავღანეთში განსაკუთრებით ავიწროებდნენ ქალებს, რომლებსაც არაერთი უფლება შეეზღუდათ და იქცნენ ძალადობის მსხვერპლად.

ორგანიზაციის მიერ ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდების შემდეგ, არაერთი ავღანელი ცდილობს, თავი დააღწიოს ქვეყანას.