ქაბულის აეროპორტის მიმართულებით რაკეტები ისროლეს

პუბლიკა

ქაბულის აეროპორტის მიმართულებით რაკეტები ისროლეს. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით, აეროპორტში განთავსებულმა მათმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ 5 რაკეტა ჩამოაგდო, რომელთა სამიზნეც აეროპორტი იყო.

Reuters ავღანურ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ რაკეტები, სავარაუდოდ, ავტომობილის კუზაოდან ისროლეს, რაკეტების ნაწილი კი ქაბულში, სხვადასხვა ადგილას ჩამოცვივდა. აშშ მსხვერპლზე ინფორმაციას არ ავრცელებს, ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არცერთ ორგანიზაციას არ აუღია.

ქაბულის აეროპორტზე თავდასხმა ხუთშაბათსაც მოხდა, როცა თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას სულ მცირე 170 ადამიანი ემსხვერპლა. დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედროც. მაშინ თავდასხმაზე „ისლამური სახელმწიფოს“ ავღანურმა შტომ „ხორასანმა“ აიღო.

თავდასხმის შემდეგ კი ამერიკულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა იერიში მიიტანეს „ისლამური სახელმწიფო – ხორასნის“ წევრებზე. აშშ-ის განცხადებით, მოკლულია ქაბულის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ერთ-ერთი ორგანიზატორიც.


ამერიკის შეერთებული შტატები ავღანეთიდან მოქალაქეთა ევაკუაციას 31 აგვისტოს ასრულებს. აშშ-ის გარდა, ევაკუაციაში ჩართულმა სხვა სახელმწიფოებმა ავღანეთი უკვე დატოვეს.

ამ დროისთვის, Reuters-ის ცნობით, ავღანეთიდან ევაკუირებულია დაახლოებით 114 400 ადამიანი, იქ მყოფი და მომუშავე სხვა ქვეყნის მოქალაქეები და ის ავღანელები, რომლებიც თანამშრომლობდნენ დასავლურ ორგანიზაციებთან, ან იყვნენ რისკის ქვეშ, რომ მათ „თალიბანი“ დასჯიდა.

ევაკუაციის პროცესი 14 აგვისტოს, ქაბულის დაცემამდე ერთი დღით ადრე დაიწყო. ავღანეთის დედაქალაქში „თალიბანი“ 15 აგვისტოს შევიდა.

ამ დროისთვის ქაბულში 4 000-მდე ამერიკელი სამხედრო რჩება, რომლებმაც ხვალ ევაკუაციის მშვიდობიანად დასრულება უნდა უზრუნველყონ. თეთრი სახლის გავრცელებული განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება, რომ თავდაცვის ძალებმა „გააკეთონ ყველაფერი, რაც საჭიროა სამხედროთა უსაფრთხოებისთვის“.

როგორც Reuters წერს, აშშ ბოლო ორ დღეში ევაკუაციის დასრულებამდე იმ პირების გამოყვანას შეეცდება, ვინც „განსაკუთრებული რისკის ქვეშ“ არიან „თალიბანის“ მმართველობის დამყარების შემდეგ.

31 აგვისტოს ევაკუაციის დასრულების შემდეგ დამთავრდება ამერიკის მიერ წამოწყებული 20-წლიანი ოპერაცია ავღანეთში. აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილებით, ამერიკამ სამხედრო მოქმედებების წარმოება ავღანეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც 2001 წლის 11 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტებმა რამდენიმე თვითმფრინავი გაიტაცეს და შეერთებულ შტატებში ტერაქტები მოაწყეს.

აშშ-ის ხელისუფლება აცხადებდა, რომ ავღანეთში „თალიბანმა“ თავშესაფარი და თავისუფლად მოქმედების საშუალება მისცდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ ქაიდას“ და 11 სექტემბრის ტერაქტის ორგანიზატორს უსამა ბინ ლადენს. ბინ ლადენი ამერიკულმა სპეცდანაყოფმა პაკისტანში 2011 წელს მოკლა.

მანამდე კი აშშ-მა ავღანეთში გაანადგურა „თალიბანის“ სამხედრო ობიექტები, იერიში მიიტანა დაჯგუფების ლიდერებზე და ავღანეთში მისი მმართველობა შეწყვიტა. ავღანეთში „თალიბანის“ შესუსტებისა და მშვიდობის დაცვის მიზნით აშშ-თან ერთად ოპერაციაში ჩაერთო NATO-ც.

საბოლოოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წელს განაცხადა, რომ 2021 წლის 11 სექტემბრამდე, ავღანეთში სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან 20 წლის შემდეგ ამერიკა დატოვებდა ავღანეთს. აშშ-სთან ერთად ავღანეთიდან თავისი მოქალაქეებისა და სამხედროების გამოყვანა დაიწყო იქ ჯერ კიდევ დარჩენილმა ოპერაციაში მონაწილე სხვა ქვეყნებმაც.

თუმცა, კოალციური ძალების გასვლასთან ერთად „თალიბანმა“ სწრაფი აღმასვლა დაიწყო. ესტრემისტულმა ორგანიზაციამ ძალაუფლება იმაზე სწრაფად და მარტივად დაიბრუნა, ვიდრე ამას აშშ-ის ცენტრალური სადაზრვევო სააგენტო თავის ანგარიშებში ვარაუდობდა. „თალიბანმა“ ავღანეთის დედაქალაქის დაკავებაც იმაზე მალე შეძლო, ვიდრე ქვეყანიდან დასავლეთის ქვეყნები მოქალაქეებს გაიყვანდნენ.

„თალიბანის“ მმართველობა 1996-2001 წლებში ასოცირდება ძალადობასთან. ორგანიზაცია ქვეყანას შარიათის კანონების რადიკალური ინტერპრეტაციით მართავდა. მიჩნეულია, რომ მისი მმართველობის დროს ავღანეთში განსაკუთრებით ავიწროვებდნენ ქალებს, რომლებსაც არაერთი უფლება შეეზღუდათ და იქცნენ ძალადობის მსხვერპლად.

ორგანიზაციის მიერ ძალაუფლების კიდევ ერთხელ ხელში ჩაგდების შემდეგ, არაერთი ავღანელი ცდილობს, თავი დააღწიოს ქვეყანას.