ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა

პუბლიკა

ქაბულის აეროპორტზე მომხდარი თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 90-მდე გაიზარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებით, ტერორისტულ თავდასხმას 13 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, ხოლო 18 – დაჭრილია.

თალიბანის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ გარდაცვლილებს შორისაა დაჯგუფების 28 წევრი. უცნობია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია სულ მცირე 150 დაშავებულზე.

მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

Reuters იუწყება, რომ თავდასხმების შემდეგ ქაბულიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დაჩქარებულია რეგულარული ფრენებით. ვაშინგტონი ცდილობს, დაასრულოს თავისი მოქალაქეების ევაკუაცია თალიბანის მიერ დასახელებულ ბოლო ვადამდე – 31 აგვისტომდე.

BBC-ის ცნობით, დაახლოებით 5 200 ჯარისკაცი აგრძელებს მუშაობას ქაბულის აეროპორტში წესრიგის შესანარჩუნებლად. ამასთანავე, შეერთებულმა შტატები ამბობს, რომ შესაძლოა 31 აგვისტომდე ვერ მოახერხოს ყველა რეგისტრირებული პირის ევაკუირება.