ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო СГБ აცხადებს, რომ 16 ოქტომბერს აფხაზეთი-საქართველოს ე.წ. საზღვრის პატრულირებისას, აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურისა და რუსეთის ФСБ-ის სასაზღვრო დირექტორატის თანამშრომლებმა გალის რაიონში Mavic 3-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს.
ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ დრონი მიმდებარე ტერიტორიასა და სამხედრო ობიექტებს იღებდა. მათივე განცხადებით, დრონი „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერს, დავით ქაცარავას ეკუთვნის.
„ელექტრონული საომარი ტექნიკის გამოყენების შედეგად, დრონი შეაჩერეს და
ჩამოაგდეს“, – წერია განცხადებაში.
დავით ქაცარავამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსებმა „ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ დრონის ჩამოგდება შეძლეს და ბოლო კადრებიც გამოაქვეყნა.
„მოგეხსენებათ, დრონი ჩვენი პატრულირების განუყოფელი აქსესუარია, რომელიც ჩვენს პატრულირებას ოკუპაციის ხაზთან შეუდარებლად დიდ ეფექტურობასა და სარგებლიანობას მატებს“, – წერს ქაცარავა.