„ძალიან დიდ პატივს ვცემთ აშშ-ის საელჩოს, მაგრამ სულ მცირე, ცოტა კორექტული ფორმულირება არის საჭირო, „მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი საშუალება მიიღონ”. დალოცვილებო, წაიკითხეთ კანონები, რა; რას ეხება ეს ცვლილება“, – ასე ეხმაურება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტსა და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას.
„ეს ცვლილება ეხება სისხლის სამართლებრივი დევნის ქვეშ მყოფ სიტუაციაში კანონიერი ფარული მოსმენების დარეგულირებას. რა შუაშია მოქალაქეებზე კონტროლის დამატებითი მექანიზმი? არანაირი ობიექტური ანალიზი არ არის და არის პოლიტიკური ანგაჟირებული შეტევის მცდელობა”, – ამბობს ქადაგიშვილი.
7 სექტემბერს ამერიკის საელჩომ განცხადება გაავრცელა მოსმენების შესახებ კანონზე, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის გადაწყვეტილება არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.
„პარლამენტის გადაწყვეტილება, გამიზნულად მიეღო მოსმენების შესახებ კანონი, რომელიც უზრდის მთავრობას შესაძლებლობას, გააკონტროლოს თავისი მოქალაქეები, არ არის თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან და ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიისა და დასავლელი პარტნიორების მკაფიო რეკომენდაციებს. ეს კანონი საქართველოს აშორებს ევროპულ ინტეგრაციას, ნაცვლად მასთან დაახლოებისა“, – აცხადებს ამერიკის საელჩო.