ქადაგიშვილი: ეს კანონი რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა 

პუბლიკა

„ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ირწმუნება, რომ ევროკავშირი საქართველოს მოლაპარაკებებს იმ შემთხვევაშიც არ გაუხსნიდა, მმართველ გუნდს რუსული კანონი რომც არ მიეღო.

მან საქართველოში გერმანიის ელჩის გუშინდელ განცხადებას უპასუხა იმის შესახებ, რომ საქართველო „რუსული კანონით ევროკავშირში ვერ შევა”.

„ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო წამყვანი სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლაპარაკებას არ გახსნიდნენ, რადგან საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შეიძლება არჩევნებზე მინიმალური შედეგიც ვერ მიეღო.

ამიტომ, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ. რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რომლის აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია”, – თქვა ქადაგიშვილმა.

9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ევროკავშირის გაწევრების პროცესი გაჩერებულია.

ევროკავშირმა გაყინა 30-მილიონიანი დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის სექტორს უნდა მოხმარებოდა. რამდენიმე დღით ადრე აშშ-მ განაცხადა, რომ „ღირსეული პარტნიორი” აჩერებს საერთო სამხედრო წვრთნებს. მიზეზი რუსული კანონია.

ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი 2023 წლის 15 დეკემბერს მიანიჭა 9 შესასრულებელი დათქმით. საქართველომ კანდიდატის სტატუსი განაცხადის შეტანიდან 1 წელსა და 9 თვეში მიიღო, მაშინ, როცა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირმა ეს სტატუსი რამდენიმე თვეში – 2022 წელსვე მიანიჭა.

მას შემდეგ, რაც 2024 წლის აპრილში ხელისუფლებამ რუსული კანონი ხელახლა დააინიციირა, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების პარალელურად დასავლეთში გაკეთდა არაერთი განცხადება, რომ რუსული კანონის ძალაში შესვლა უკან დახევაა EU-დან.

მათ შორის:

2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათქვამია, რომ სანამ „უცხოელი აგენტების“ კანონი იარსებებს, საქართველოს გაწევრების მოლაპარაკებები ვერ დაიწყება. რეზოლუციას მხარი 425-მა ევროპარლამენტმა დაუჭირა.

7 მაისს 31-მა ევროპარლამენტარმა ჯოზეფ ბორელს მისწერა წერილი, რომელშიც მათ „ქართული ოცნების” მიერ რუსული კანონის ხელახლა წარდგენა დაგმეს და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის შეჩერება და ევროკავშირის მიერ საქართველოს სამთავრობო პროგრამების დაფინანსების გადახედვა მოითხოვეს.

გარდა ამისა, საქართველოს ხელისუფლებისა და სხვა პრორუსული ძალები ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, რომ დახმარების სხვადასხვა პაკეტი, რომელსაც დასავლეთი – აშშ და ევროკავშირი საქართველოს აწვდის, სესხია.

ამის შესახებ მასალები მომზადებული აქვს „მითების დეტექტორს”. აქ გაეცანით ერთ-ერთ მათგანს.