ქადაგიშვილი ჰომოფობიურ კანონპროექტზე: არ უნდა მოხდეს ძალადობის პროვოცირება

პუბლიკა

„ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი ჰომოფობიურ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მათი მიზანია, ძალადობრივი ქმედებები აღიკვეთოს – არ უნდა მოხდეს მისი პროვოცირება.

საქმე ეხება მმართველი პარტიის კანონპროექტს, რომელიც მზადდება და რომელიც, მამუკა მდინარაძის განმარტებით, „საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.

ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ „ფსევდომიდგომებს გონივრული პასუხი უნდა გაეცეს”.

მისივე თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა არ იქნება მიმართული კულტურისა და ხელოვნების შეზღუდვებზე.

„ქართული ოცნების” წევრი იმეორებს თანაპარტიელების რიტორიკას იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთი ცდილობს, „სქესის ახალი განსაზღვრება და ბავშვებში სქესის არჩევის წესი დამკვიდრდეს”. ქადაგიშვილი ამბობს, რომ სწორედ ამას უნდა გაეცეს „გონივრული პასუხი”.

„ძალადობას არ უნდა შევუქმნათ საფუძველი […]. ჩვენი მიზანია, საქართველოში ძალადობრივი ქმედება, გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით თუ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით იყოს აღკვეთილი და პრევენცია ჰქონდეს გაკეთებული. ამავდროულად, გარკვეულწილად ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ძალადობის წარმოქმნის საფუძველიც არ არსებობდეს, ანუ ძალადობას არ უნდა შევუქმნათ საფუძველი, რომ ძალადობა წარმოიქმნას. პროვოცირება არ უნდა მოხდეს ძალადობისა, მე 5 ივლისზე არ გეუბნებით ამ შემთხვევაში. ზოგადად გეუბნებით. პრევენცია უნდა გააკეთო, რომ ძალადობა არ წარმოიშვას, ეს არის მგონი, ძალიან ნორმალური მიდგომა”, – თქვა ირაკლი ქადაგიშვილმა.

29 თებერვალს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ „მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს”.

დღეს, 1 მარტს მდინარაძემ თქვა, რომ კანონპროექტის მთავარი მიზანია, „გამოირიცხოს ლგბტ პროპაგანდის შესაძლებლობა“.

კანონპროექტის დაანონსებას წინ უძღოდა რამდენიმედღიანი პროპაგანდისტული კამპანია, მათ შორის, „მმართველი პარტიიდან” ფორმალურად გასული დეპუტატების ჯგუფის, „ხალხის ძალის“ მონაწილეობით. 26 თებერვლის განცხადებაში სწორედ მათ გამოიყენეს სიტყვათშეთანხმება „ფსევდოლიბერალური იდეოლოგია“.

„ქართული ოცნების“ კანონპროექტი, როგორც თავად ამბობენ, უახლოესი 2 კვირის განმავლობაში მომზადდება.