„ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ქადაგიშვილის ცნობით, პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებში [ე.წ. ვეტო] არაფერია შეცვლილი, დამატებულია მხოლოდ ბოლო პუნქტი, სადაც წერია, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე. ქადაგიშვილის შეფასებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
„ამ კანონპროექტში [იგულისხმება პრეზიდენტის ვეტო] ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტია დამატებული, ერთი წინადადება, რომ ეს კანონი იმოქმედებს მხოლოდ ერთი დღე ანუ მეტი სამართლებრივი შეფასება ამ კანონპროექტს პრეზიდენტმა ვერ მისცა”, – ამბობს ქადაგიშვილი.
მისივე თქმით, „პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ ეს ვეტო არის ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია”.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო გუშინ, 18 მაისს დაადო. პარლამენტში გადაგზავნილი დოკუმენტი, ამ დრომდე, საჯარო არ გამხდარა. ის პარლამენტის ბიუროს ხვალ, 20 მაისს წარედგინება.