„ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება“ - რისი აშენება იგეგმება იპოდრომის მახლობლად

პუბლიკა

თბილისში, უნივერსიტეტისა და თამარაშვილის ქუჩების კვეთასთან, ძველი იპოდრომიდან დაახლოებით 800 მეტრის მანძილზე მდებარე ყოფილი „ზაკვოს“ შენობის ადგილზე ინვესტორს მრავალსართულიანი და მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა სურს.

გასული წლის 11 ოქტომბერს თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ამიერკავკასიაში საბჭოთა ჯარების ყოფილი ყოფილი შტაბის შენობის დემონტაჟზე თანხმობა გასცა. მიმდინარე წლის 9 ნოემბერს კი ამავე სამსახურში შევიდა განცხადება პროექტის შეთანხმების შესახებ და ამჟამად განხილვის პროცესშია.

პროექტის დამკვეთია კომპანია „სითი დეველოპმენტის“ (რომელსაც კომპანია IG Development Georgia ფლობს) დირექტორი ალექსანდრე ტოგონიძე, მთავარი არქიტექტორი კი – გიორგი ტვილდიანი. ტოგონიძეც და ტვილდიანიც თბილისის მერიის ააიპ „თბილისის განვითარების ფონდის“ ყოფილი დირექტორები არიან.

პროექტის ერთ-ერთი მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

„CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნეს თაუერისაგან შემდგარი პრემიუმ კლასის პროექტია. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უპრეცენდენტო მასშტაბია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა 180 000 000 აშშ დოლარს შეადგენს“, – ვკითხულობთ „საქართველოს ბანკის“ მიერ გავრცელებულ რელიზში.

ბანკის ცნობით, საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მაქსიმალური სართული 25 იქნება.

ბანკის მიერ გავრცელებულ რელიზში ალექსანდრე ტოგონიძე აღნიშნავს, რომ პროექტში თავმოყრილი იქნება:

  • ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე,
  • ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზო,
  • ხელოვნური ტბა,
  • ZEN სივრცე,
  • იაპონური ბაღი,
  • საბავშვო მოედანი,
  • 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი

„მომავლის არქიტექტურას, მინიმალისტური და იმავდროულად ასიმეტრიული ფორმები ქმნის. სწორედ ეს კონცეფციაა გამოყენებული ჩვენი პროექტის დიზაინში, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება“, – აცხადებს ტოგონიძე.