ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი განაცხადი - პრემიერი ბრიუსელში პრეზიდენტის ვიზიტზე

პუბლიკა

რატომ არ მიუღია ამ დრომდე თანხმობა პრეზიდენტს ევროპარლამენტში ვიზიტზე – ამ საკითხზე პრემიერი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ეს არის ადმინისტრაციებს შორის ტექნიკური კომუნიკაციის საკითხი და ის ამხელა ყურადღებას არ იმსახურებს. პრემიერი აზუსტებს, რომ პრეზიდენტი ვიზიტზე თანხმობას მიიღებს.

„რა თქმა უნდა, ქალბატონ სალომეს დაუკმაყოფილდება მისი ეს განაცხადი, რომელიც მან შემოიტანა და თქვა, რომ ევროპარლამენტში ჰქონდა მას დაგეგმილი [გამოსვლა] მანამდე, ელოდებოდნენ, არ წავიდა, შემდეგ ჩვენ დაგვაბრალა, მაგრამ ჩვენ გავასაჯაროვეთ ინფორმაცია, რომ გაცემული გვქონდა თანხმობა. ასე რომ, ეს მე ვფიქრობ არის ყურადღების გადატანის მცდელობა, არაფერი არ ხდება საერთოდ, ჩვენ ვმუშაობთ და მთავარი არის ის ძირითადი საქმეები, რომელსაც ვახორციელებთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტს დღემდე არ მიუღია თანხმობა 27 აპრილის მიმართვაზე ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით, იმ ფონზე, როცა 15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ და იმავე დღეს საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს უნდა მიმართოს.

18 მაისს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველ გუნდს ეშინია, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დააზიანებს კანდიდატის სტატუსისკენ სწრაფვას.