„საზოგადოებამ ნახა ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის მილოცვა პირადად ჩემდამი, და თქვენ არ ვიცი, რას გულისხმობთ, ქალბატონმა ურსულამ მიულოცა საქართველოს პრემიერ-მინისტრს თავის ოფიციალურ მიმართვაში, მილოცვის ტექსტში, და ბატონმა მიშელმა მიულოცა ქართველ ხალხს, მე მგონი ნორმალურია. თქვენ ნუ ეძებთ, ძალიან გთხოვთ, ასეთ სიტუაციაში, ისტორიულ დროს, ნუ ეძებთ ყოველთვის რაღაც ხინჯს, ვეძებოთ პოზიტივი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა ჟურნალისტის შეკითხვაზე, თუ როგორ აფასებს იმ ფაქტს, რომ შარლ მიშელის მილოცვა მიემართებოდა ქართველს ხალხს და არა მას, როგორც მთავრობის მეთაურს, განსხვავებით უკრაინისა და მოლდოვისათვის დაწერილი მილოცვებისა.
„კიდევ ერთი შეკითხვა, თუ რატომ მიმართა პრეზიდენტმა ევროპულ საბჭოს და არა პრემიერ-მინისტრმა, ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ჩვენი პრეზიდენტი არის კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფოს მეთაური, ამ შემთხვევაში მისი მონაწილეობა გუშინ იყო აბსოლუტურად სიმბოლური, მას არავითარი რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეეძლო იქ. სხვა შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მას მოუწევდა ჩემთვის კანონის და კონსტიტუციის მიხედვით მომართვა და ნებართვის მიღება, რაც არის გაწერილი კონსტიტუციის მიხედვით.
ამაში ჩვეულებრივი პრაქტიკაა, ძალიან ბევრი საპარლამენტო რესპუბლიკების პრეზიდენტები დადიან ბრიუსელში, მონაწილეობენ ნატოს სამიტებში, სხდომებს ესწრებიან, იქაც აქვთ ნომინალური წარმომადგენლობითი ფუნქცია, ესეც ნომინალურია და ამაშიც ნუ ეძებთ სკანდალს“, – განაცხადა პრემიერმა.
ევროპულმა საბჭომ, რომელიც ევროკავშირის უმაღლესი პოლიტიკური ორგანოა, გაიზიარა ევროკომისიის შეფასებები უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესახებ. შესაბამისად, ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, საბჭომ ასევე აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა.