10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოს სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებული მდგომარეობა შეაფასა.
ომბუდსმენის შეფასებით, 2020 წელს საქართველოშიც, ისევე, როგორც მთელ მსოფლიოში, მთავარი გამოწვევა Covid-19 და მის შედეგებთან გამკლავება იყო. პაციენტების რაოდენობის სწრაფი ტემპით ზრდის ფონზე, სულ უფრო რთულდება მოსახლეობისათვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
ომბუდსმენი ამბობს, რომ პერიოდულად, მედიასაშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია, რა დროსაც ოჯახის წევრები მიუთითებენ დაგვიანებულ ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე, რამაც პაციენტების გარდაცვალება გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ეპიდემიასთან ბრძოლის პროცესში სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა ეფექტიანობასთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვებს აჩენს.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მსგავსი შემთხვევების შესწავლის შედეგებისა და გატარებული ღონისძიებების შესახებ.
არჩევნები
სახალხო დამცველის შეფასებით, ქვეყანაში 2020 წლის კიდევ ერთ მთავარ გამოწვევას საპარლამენტო არჩევნების სამართლიან და თანასწორ გარემოში ჩატარება წარმოადგენდა.
„31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდეტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნების კონტროლის, დამკვირვებლებსა და მედიის წარმომადგენლებზე ზეწოლისა და თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებითი ხასიათის დარღვევებისა და დისბალანსის საკითხზე საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოებში დაინტერესებულ პირთა მიერ წარდგენილი საჩივრების უდიდესი ნაწილი განხილვის გარეშე დარჩა ან არ დაკმაყოფილდა, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.
ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს, პანდემიის გამო შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი“, – ამბობს ომბუდსმენი.
შეკრების თავისუფლების დაცვა
წლის განმავლობაში სხვადასხვა მასშტაბის ათეულობით შეკრება-მანიფესტაცია გაიმართა.
სახალხო დამცველმა კრიტიკულად შეაფასა 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან შეკრებილი ადამიანების წყლის ჭავლით დაშლის შემთხვევა.
ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ ამ ღონისძიებას წინ არ უძღოდა აქციის მონაწილეთა გაფრთხილება, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონმდებლობის მოთხოვნას. სახალხო დამცველის შეფასებით, გამოყენებული ძალა არ იყო აუცილებელი და პროპორციული.
„საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გამართულ აქციაზე დაშავდნენ ჟურნალისტებიც. მათი განცხადებით, სამართალდამცავები წყლის ჭავლს დამიზნებით, ახლო მანძილიდან ესროდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციისთვის იდენტიფიცირებადი იყო მათი პროფესიული სტატუსი და საქმიანობა“, – ნათქვამია ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც ომბუდსმენი ამბობს, გასული წლის მსგავსად, წელსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა მხრიდან არაერთ აქციაზე ადგილი ჰქონდა აქციაზე გათბობის მიზნით შეშის მიტანაში ხელშეშლის ფაქტებს. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ყოველი ასეთი შემთხვევის დროს კანონმდებლობის ზედაპირული და ბლანკეტური ინტერპრეტაცია ბოლო წლებში პრობლემას წარმოადგენს და საჭიროებს უწყების მხრიდან ყოველი ინდივიდუალური შემთხვევის სათანადოდ დასაბუთებას.
„გასული წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენების გამოძიება დღემდე გრძელდება. სამწუხაროდ, რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. მაშინ, როდესაც ძალადობისთვის ბრალი 17 დემონსტრანტს წაუყენეს, მოქალაქეზე ძალადობისთვის მხოლოდ 3 პოლიციელი მიეცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა გენერალურ პროკურატურას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, რაც ამ დრომდე გაუზიარებელია“, – ნათქვმია ომბუდსმენის განცხადებაში.
მედიის თავისუფლება
ომბუდსმენის შეფასებით, მედიის თავისუფლების მდგომარეობის შეფასების თვალსაზრისით, განსაკუთრებით საყურადღებო იყო აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული მოვლენები.
„ტელევიზიიდან გათავისუფლებული ჟურნალისტების საქმეების შესწავლის საფუძველზე სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ არა მხოლოდ დაირღვა თანამშრომელთა შრომითი უფლებები, არამედ მათ მიმართ ხორციელდებოდა დევნა, განსხვავებული აზრის, კერძოდ, მენეჯმენტის გადაწყვეტილებებზე ღიად დაფიქსირებული კრიტიკული მოსაზრებების გამო, რაც სისხლის სამართლის კოდექსით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. 2020 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს სახალხო დამცველმა შესაძლო დევნის ფაქტებზე გამოძიების დაწყების წინადადებით საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართა, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენი რეკომენდაცია არ იქნა გაზიარებული “, – ამბობს ომბუდსმენი.
დევნილთა უფლებები
ომბუდსმენის შეფასებით, დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის მხრივ, გასული წლების მსგავსად, კვლავაც გამოწვევას წარმოადგენს სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების უფლებრივი მდგომარეობა.
ომბუდსმენის თქმით, ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების პროცესის დასაჩქარებლად, აუცილებელია, სახელმწიფომ გამოიყოს დამატებითი რესურსი. პრობლემურია ისიც, რომ ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული ასეთი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი. ამავდროულად, ქვეყნის მასშტაბით ასეთი შენობების რაოდენობრივი სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც დევნილები განაგრძობენ ცხოვრებას, დაზუსტებას და სრულყოფას საჭიროებს.
თანასწორობის უფლება
ომბუდსმენის შეფასებით, დაცვის კუთხით მთავარ გამოწვევად კვლავ რჩება საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპული შეხედულებები და წინასწარგანწყობები, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დასაქმების ადგილზე დისკრიმინაციის შემთხვევები.
„2020 წლის მაისის შემდეგ სისტემატური ხასიათი ჰქონდა რადიკალურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან ლგბტ+ თემის წევრებზე თავდასხმის შემთხვევებს, რაც გამოიხატებოდა თბილისი პრაიდის ოფისის საღებავით დაზიანების, კვერცხების სროლის, დროშის მოპარვის, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და მუქარის ფაქტებში. სამართალდამცავი უწყება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ძალადობის პრევენციას. მნიშვნელოვანია, რომ თითოეული სამართალდარღვევის ფაქტს სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური რეაგირება და ეფექტური გამოძიება მოჰყვეს“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
სექსუალური შევიწროება
ომბუდსმენის შეფასებით, ქალთა მიმართ სექსუალური შევიწროება კვლავ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. 2020 წლის განმავლობაში ასეთი ფაქტები გამოვლინდა როგორც დასაქმების ადგილას, ასევე სამედიცინო მომსახურებისას. ამასთან, უარყოფითი ტენდენციის სახით აღსანიშნავია სექსისტური გამონათქვამების სიმრავლე პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების მხრიდან.
ქალების მდგომარეობა
ომბუდსმენის აპარატში ამბობენ, რომ პანდემიის პირობებში დამძიმდა იმ ქალების მდგომარეობა, რომელთა შემოსავლის წყაროს არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა წარმოადგენდა. გარდა ამისა, გაიზარდა ქალთა მიერ ოჯახზე ზრუნვის აუნაზღაურებელი ტვირთი, რაც უკავშირდება საბავშვო ბაღებისა და სკოლების დახურვას და გადატვირთულ სამედიცინო სერვისებს.
ოჯახში ძალადობა
ომბუდსმენის შეფასებით, განსაკუთრებით დამძიმდა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მდგომარეობა, რომლებიც მოძალადეებთან ერთ სივრცეში პირისპირ აღმოჩნდნენ, რის შედეგადაც გაიზარდა ოჯახში ძალადობის რისკი და ამავდროულად შემცირდა ოჯახში ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის შესაძლებლობა.
2020 წლის 9 თვის განმავლობაში (იანვარი-სექტემბერი) 19 ქალის მკვლელობის ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის 12 შემთხვევაში ოჯახური დანაშაულის ნიშანი გამოიკვეთა, 7 შემთხვევაში კი – სხვა მოტივი. ამასთან, დაფიქსირდა 23 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი, რომელთაგან 14 შემთხვევა ოჯახური დანაშაულის ნიშნით იყო ჩადენილი.
სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა
საქართველოში სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული უფლებების სრულყოფილად განხორციელება კვლავ გამოწვევას წამოადგენს – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. აღნიშნული, ერთი მხრივ, უკავშირდება საზოგადოებაში არსებულ დაბალ ცნობიერებას, ხოლო, მეორე მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებების ნაკლებობას. ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ასევე ადრეულ ასაკში ქორწინების და ნიშნობის პრაქტიკა.
ეროვნული უმცირესობები
ომბუდსმენი ამბობს, რომ კვლავ დაბალია ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, განათლების უფლების ეფექტიანი განხორციელება, არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე ინფორმაციის ფლობა და მათი ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.
„აღსანიშნავია, რომ ახალი კორონავირუსის წინაშე ეთნიკური უმცირესობები განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მთავარ პრობლემას მათთვის მისაწვდომი ფორმით კოვიდ-19-თან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენდა.”
რელიგიის თავისუფლება
„რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კვლავ გადაუჭრელია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტიტუცია, განათლების სისტემაში, განსაკუთრებით სასკოლო სივრცეში თანასწორი გარემოს შექმნა, ძალადობისა თუ შეუწყნარებელი, სტერეოტიპული განწყობების აღმოფხვრა“, – ნათქვამია ომბუდსმენის წლის შემაჯამებელ განცხადებაში.
ომბუდსმენის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ რიგ შემთხვევაში დისკრიმინაციული იყო.
შშმ პირთა უფლებები
განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ დრომდე არ განსაზღვრულა გაეროს შშმ პირთ უფლებების კონვენციის განხორციელების კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება. ასევე, არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც აბრკოლებს შშმ პირებს, უფლებადარღვევის ფაქტებზე გაეროს შესაბამის კომიტეტს მიმართონ.
„კარანტინისა და იზოლაციის რეჟიმში ოჯახები სახლის პირობებში ვერ უმკლავდებოდნენ შშმ პირთა საჭიროებებს. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული შშმ პირების, მათ შორის, შშმ ბავშვების უმეტესობისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების შეჩერებამ არა მარტო შეაფერხა მათი განვითარებისა და რეაბილიტაციის პროცესი, არამედ გამოიკვეთა უკვე მიღწეული შედეგების დაკარგვის რეალური საფრთხე.
ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის თანახმად, სოციალური ბენეფიტით სარგებლობის შესაძლებლობა მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და შშმ ბავშვებს მიეცათ, ხოლო მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირები ასევე, დაუნის სინდრომისა და აუტიზმის მქონე ბავშვების ნაწილი, რომლებსაც შეფასების მოქმედი მოდელის ხარვეზიანობის გამო არ აქვთ განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი, დახმარების გარეშე დარჩნენ.
ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. პრობლემად გამოიკვეთა შშმ და სსსმ მოსწავლეებისთვის მისაწვდომი ფორმატებით დისტანციური სწავლება, ასევე საკომუნიკაციო საშუალებებსა და ინტერნეტზე მისაწვდომობა“, – ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ხანდაზმული პირები
2020 წელს, ქვეყანაში გავრცელებული ეპიდემიის პირობებში, განსაკუთრებულ ზრუნვას ხანდაზმული პირები საჭიროებდნენ, რომლებიც მთელ მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსისადმი მაღალი მოწყვლადობით გამოირჩევიან.
ომბუდსმენის შეფასებით, წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რაც ხანდაზმულთა დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარებისა და დაწესებულების პერსონალის სავალდებულო ტესტირებაში გამოიხატა, ვირუსის გავრცელების შემთხვევები მაინც დადასტურდა ასეთ ინსტიტუტებში, რაც დამატებითი პრევენციის, კონტროლის და მონიტორინგის ღონისძიებების გაძლიერების აუცილებლობაზე მიუთითებს.
„განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და მზრუნველობაზე დამოკიდებული ხანდაზმული პირები. შექმნილმა კრიზისმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა ხანდაზმული პირებისთვის შინმოვლის პროგრამის განხორციელებისა და პალიატიურ ზრუნვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის აუცილებლობა, რაც შეზღუდულად ხორციელდება, “- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.
ბავშვთა უფლებები
2020 წლის პირველი სექტემბრიდან ძალაში შევიდა ბავშვის უფლებათა კოდექსი, რომელიც საფუძველს უყრის ბავშვის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების დაცვისა და მხარდაჭერის სისტემას.
ომბუდსმენის ამბობს, რომ წლების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნების დაცვას უკიდურესი სიღარიბისგან, რაც ხშირად საფრთხეს უქმნის ბავშვთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამ მხრივ, განსაკუთრებით საყურადღებოა 2020 წლის 3 თებერვალს ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი ტრაგედია, რომელსაც 4 არასრულწლოვნის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ომბუდსმენის განცხადებაში აღნუშნულია, რომ პანდემიის გავრცელების პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ვინაიდან ხშირად მათი საბაზისო საჭიროებებიც არ არის დაკმაყოფილებული.
უსახლკარო პირები
პანდემიის გავრცელების შედეგად ქვეყანაში შემოღებულმა საგანგებო ღონისძიებებმა სერიოზული პრობლემები შექმნა უსახლკარო პირთა უფლებების დაცვის კუთხითაც. – ამბობს ომბუდსმენი.
ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივ მონაცემთა ბაზები უსახლკარო პირთა შესახებ. ქვეყნის მასშტაბით 19 მუნიციპალიტეტში უსახლკარო პირთა დახმარების მიზნით მიზნობრივი პროგრამები არ ხორციელდება.
„ზუსტი სტატისტიკის არქონის პირობებში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქუჩაში მცხოვრები უსახლკარო პირების დროული იდენტიფიცირება და თავშესაფრით უზრუნველყოფა. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან ის უსახლკარო პირები, რომლებიც თვით-მოვლას ვერ ახერხებენ, რადგან თავშესაფრები უარს აცხადებენ მათ მიღებაზე, რაც უსახლკაროებს, განსაკუთრებით ზამთარში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, აპარატის მუშაობის შედეგები ცხადყოფს, რომ ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით სახელმწიფო არაერთი მნიშვნელოვანი გამოწვევისა და საჭიროების წინაშე დგას.