გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქსტატმა ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ახალი ეროვნული კვლევა 2022 წარადგინეს.
კვლევა მიუთითებს, რომ ქალებსა და კაცებში მაღალია პირად ურთიერთობებში ქალთა მიმართ ძალადობის მიმღებლობა და მათ აქვთ არასწორი შეხედულებები გენდერსა და ურთიერთობებზე.
რას ამბობენ ქალები?
კვლევის მიხედვით, ქალების 21.4%-ს მიაჩნია, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 32.7% იყო). ქალების 17.4% კი თვლის, რომ ქალს არ შეუძლია უარი უთხრას ქმარს სქესობრივ კავშირზე (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 25.1% იყო).
ქალების 10.6% მიაჩნია, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს. 9.8%-ის აზრით, ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 12.0% იყო). ქალების 8.5% თვლის, რომ თუ ქალს ქმარი სცემს, ამაში ნაწილობრივ ან სრულიად თვითონქალია დამნაშავე.
რას ამბობენ კაცები?
კვლევის მიხედვით, კაცების მესამედზე მეტს (37.2%) მიაჩნია, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 49.7% იყო).
ასევე, კაცების 20.3% მიიჩნევს, რომ ქალს არ შეუძლია უარი უთხრას ქმარს სქესობრივ კავშირზე (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 27.2% იყო). კაცების 16.2% თვლის, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს.
15.1%-ის აზრით, ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს (მაჩვენებელი შემცირებულია, 2017 წელს 24.1% იყო). 8.3%-ის მოსაზრებით, თუ ქალს ქმარი სცემს, ამაში ნაწილობრივ ან სრულიად თვითონ ქალია დამნაშავე.
ქალებისა და კაცების დამოკიდებულებები ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, იმ მოსაზრებების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერს მეუღლის მხრიდან ქალთა მიმართ ძალადობას:
კვლევის მიხედვით, 15–24 წლის ქალები ყველაზე ნაკლებად ფიქრობენ, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს (10.5%), ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს (3.4%) და ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს (3.0% ). უფროსი ასაკობრივი ჯგუფებისათვის აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტია.
რაც შეეხება კაცებს, 15–24 და 25–34 წლის ასაკის კაცებს, 35 წლის და უფროსი ასაკის კაცებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად აქვთ შემწყნარებლური დამოკიდებულება პარტნიორის მხრიდან ძალადობასთან დაკავშირებით. 15-24 წლის კაცების მხოლოდ 15.4% თვლის, რომ ძალადობა ცოლსა და ქმარს შორის, მათი პირადი საქმეა და სხვა არ უნდა ჩაერიოს.
15–24 წლის კაცების მხოლოდ 8.9% თვლის, რომ ქალს უნდა რცხვენოდეს ან უხერხულად იგრძნოს თავი, ვინმესთან საუბრისას (მისი ოჯახის წევრების გარდა) იმაზე, რომ ქმარი მას ფიზიკურ ზიანს აყენებს ან აკონტროლებს. 35 წლის და უფროსი ასაკის კაცებში აღნიშნული მოსაზრება თითქმის ორჯერ უფრო მეტადაა გავრცელებული. 15–24 წლის კაცების მხოლოდ 6.8 % ფიქრობს, რომ ქალმა უნდა მოითმინოს ძალადობა, რათა ოჯახი შეინარჩუნოს.
რაოდენობრივი გამოკვლევის ფარგლებში როგორც დედაქალაქში, ისე სხვა ქალაქებსა და სოფლებში, 15-69 წლის ასაკის 3300 ქალი და 1100 კაცი გამოიკითხა. თვისებრივმა კვლევამ კი 15 ინტერვიუ, 16 ფოკუს ჯგუფი და 40 სიღრმისეული ინტერვიუ, ჯამში 171 რესპონდენტი მოიცვა.