ქალთა მიმართ ეკონომიკურ ძალადობაზე „საფარმა“ დანიის მთავრობისა და დანიის გენდერული და თანასწორობის ცენტრის, KVINFO-ს მხარდაჭერით, ორ რეგიონში – კახეთსა და აჭარაში ჩაატარა კვლევა.
რაოდენობრივი კვლევა 2023 წლის იანვარში პირისპირ ინტერვიუს მეთოდით (CAPI) ჩატარდა იმ 16-45 წლის ქალებთან, ვინც ინტიმურ ურთიერთობაში ერთხელ მაინც ყოფილა.
კვლევის ძირითადი მიგნებები
„საფარის“ მიერ წარმოებული კვლევის მთავარ მიზანს რეგიონებში მცხოვრები ქალების მიმართ მათი პარტნიორის/ქმრის მხრიდან ეკონომიკური ძალადობისა და ამ ძალადობასთან მიმართებაში ქალების გამოცდილებისა და მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა.
კვლევაში ეკონომიკური ძალადობა განსაზღვრულია, როგორც ქცევა, რომლითაც მოძალადე ზღუდავს, აკონტროლებს და იყენებს ქალის ეკონომიკურ რესურსებსა და პოტენციალს. ნაშრომის მთავარი მიზანი ინტიმურ ურთიერთობებში ქალთა მიმართ ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმის ამოცნობისა და გავრცელების შესწავლაა.
ეკონომიკური ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმებია:
-
მუშაობაში ხელის შეშლა;
-
მსხვერპლისთვის ფულის არმიცემა და ფულის მოპოვებაში ხელის შეშლა;
-
მსხვერპლისთვის მუშაობის ან სწავლის აკრძალვა;
-
საკვების, ტანსაცმლის, თავშესაფრის, პირადი ჰიგიენის საშუალებების ან წამლის მიზანმიმართულად არმიცემა;
-
მსხვერპლისთვის ფულის მოპარვა, მისი ფულის, აქტივების ან ფინანსური სახსრების თაღლითურად გამოყენება;
-
მსხვერპლის პირადი საკუთრების მოპარვა ან განადგურება;
-
მსხვერპლისათვის პირადი საბანკო ანგარიშის ფლობის აკრძალვა;
-
სასამართლოს მიერ განსაზღვრული ალიმენტის არგადახდა;
-
მსხვერპლის იძულება, აიღოს კრედიტი, შემდეგ კი მისი საკრედიტო ისტორიის გაფუჭება.
კვლევამ აჩვენა, რომ ყოველი მეხუთე ქალი ვერ აიდენტიფიცირებს ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმებს;
ასევე, კვლევის მიხედვით, ქალების 25% ერთხელ მაინც ყოფილა ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი ინტიმური პარტნიორის/ქმრის მხრიდან; მათ შორის, ეთნიკური უმცირესობისა და რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები უფრო მეტად განიცდიან ეკონომიკურ ძალადობას;
ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჰქონდეთ სტაბილური სამსახური და პარტნიორზე მაღალი შემოსავალი, მაინც ხდებიან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი;
„ეკონომიკურ ძალადობას უმეტეს შემთხვევებში აქვს სისტემატური ხასიათი. ქალების 40%-45%, რომლებიც დაშორების, განქორწინების შემდგომ გახდნენ ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლნი, ქორწინებაშიც განიცდიდნენ ამგვარი ძალადობის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს.
ქალები, რომლებიც ყოფილან ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი, ინტიმური პარტნიორის მხრიდან განიცდიდნენ ასევე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას, ბავშვობაში კი ფიზიკურ ძალადობას მშობლების მხრიდან“, – ნათქვამია კვლევაში.