მარი ჭეიშვილი ამტკიცებს, რომ ქუთაისში, წმ ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში „ფაიზერის“ აცრაზე მისულს, მეორე დოზა „სინოფარმი“ გაუკეთეს.
ის სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ დაცლილ ფლაკონზე წაიკითხა, რომ ჩინური პრეპარატით აცრეს. მისი თქმით, მოგვიანებით ეს სამედიცინო პერსონალმაც დაუდასტურა. ის სოციალურ ქსელში აცრის ბარათსაც აქვეყნებს, რომელზეც I დოზად „ფაიზერი“ წერია, ხოლო შემდეგ „სინოფარმი“.
„მივედი ექთანთან, უსაყვარლესი ქალი იყო, ძაან შინაურულად ლაპარაკობდა და მეთქი თბილისში გავიგე რომ აერიათ ვაქცინები და შეიძლება ვნახო-მეთქი და კი აი ნახე, თუ გინდა გადაიღეო, მანახა ფლაკონი გადაჯღაპნილი ჰქონდა რაღაც, მე მივაწერე, მჭირდებოდაო და უკან ჩინური წარწერებია, ვეკითხები რატომ აწერია ჩინურად, წინაზე წავიკითხე ფაიზერი-მეთქი და არა ეს არის ფაიზერიო, დღეს სხვა ვაქცინა არც გვაქვსო, სინოფარმი ორშაბათს და ოთხშაბათს არისო და დღეს პარასკევია და გავჩერდი (აი აქ იყო ჩემი შეცდომა რომ დავეთანხმე, თუმცა რამდენი ასე ვინმეს რამეში ჩავეძიე იმდენი მე გამოვდივარ მტყუანი, მე ვარ სწერვა და არავის უყვარს ასე ჩაძიებები და მაგის თავი გააააააქვს ?).
აცრის შემდეგ გადმოვჯექი ცოტა მოშორებით, მოდის ეს ექთანი აი მაცივარი აქ არის, განახებ შეფუთვას, თუ გინდა გადაიღეო, თითქოს არც ვაპირებდი, მაგრამ გამიმზადა და გადავიღე. აქაც ჩინურად აწერია ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვიხრი წარბს, რადგან ზოგადად ადამიანებს ვენდობი : ) აქაც ვკითხე აი ეს აწერია მეთქი და არაო ესააო რა და გავჩერდი. ამასობაში ჩემს მერე ვიღაც კაცი შევიდა და იმანაც იკითხა ხო ფაიზერიაო და კიო ექიმმაც და ექთანმაც, დღეს ფაიზერის დღეაო.
გამოვედი მოსაცდელში და ამასობაში ვკითხულობ აწერია Beijing Institute of Biological Products. დავგუგლე და The Sinopharm vaccine is produced by Beijing Bio-Institute of Biological Products Co Ltd, subsidiary of China National Biotec Group (CNBG). ბეიჯინგის ინსტიტუტი აწარმოებს სინოფარმსო. შევუვარდი იმ ქალს ავტეხე ერთი ამბავი. მე და ეს კაცი ვიყავით მხოლოდ მეორე დოზაზე, დანარჩენები პირველ დოზაზე იყვნენ. მაცივრიდან გამოღებულ შეკვრას აკლდა 1 შეკვრა (სავარაუდოდ ეგ იყო ამოღებული, არ ვიცი შეკვრაში რამდენი ფლაკონია, მაგრამ დიდი ეჭვი მაქვს ჩემამდეც ყველას სინოფარმით ცრიდნენ და ფაიზერს უწერდნენ)
ფაიზერის დოზა არის 0,3 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე, სინოფარმის დოზა არის 0,5 ერთ აცრაზე ერთ ადამიანზე. მე ამიცრეს 0,3 სინოფარმი. ანუ არევაც რომ იყოს შესაძლებელი მეორე აცრა სრულად არ ითვლება. ჯანდაცვაში დარეკეს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. 2 კვირაში მობრძანდით, გაგიკეთებთ ანტისხეულებზე ტესტს და მერე გეტყვით ითვლებით თუ არა სრულად ვაქცინირებულიო. თუ არადა ისიც არ იციან ალბათ რას იზამენ“, – წერს ქალი სოციალურ ქსელში. [სტილი დაცულია]
ქუთაისის წმ ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრში ადასტურებენ, რომ ორ პაციენტს II დოზად „ფაიზერის“ ნაცვლად „სინოფარმი“ გაუკეთეს.
„პუბლიკისთვის“ მოწოდებულ განცხადებაში კლინიკა იუწყება, რომ ასეთი შემთხვევები კლინიკურად შესწავლილია და სიცოცხლისთვის საშიში არაა.
მათივე ცნობით, მედდას შეუჩერდა უფლებამოსილება და გრძელდება ფაქტის შესწავლა.