ქალი დეპუტატები: სასტიკად ვგმობთ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ და სოლიდარობას ვუცხადებთ ქალებს

პუბლიკა

ქალი დეპუტატები განცხადებას ავრცელებენ, სადაც სოლიდარობას უცხადებენ ყველა ქალს ვინც სექსუალური შევიწროების თუ სხვა ტიპის უფლებადარღვევის მსხვერპლი გახდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი სასტიკად გმობენ მიმდინარე დღეებში ძალადობრივი და პროპაგანდისტული მანქანებით უწყვეტ თავდასხმას თათია სამხარაძის მიმართ, რომელმაც თავისი ბრძოლით და გამბედაობით შეძლო დაერღვია ტაბუ – მან სექსუალური შევიწროვების ფაქტის დადგენის და მასზე სამართლებრივი რეაგირების პირველი პრეცედენტი შექმნა საქართველოში.

ქალი დეპუტატები ასევე გმობენ მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს ამ და სხვა სავარაუდო შევიწროების ფაქტებზე, რაზეც უკანასკნელი დღეების განმავლობაში კიდევ 4 ქალი ალაპარაკდა. მათაც საჯაროდ ამხილეს შალვა რამიშვილი, რომელიც ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ უკვე არის შევიწროვების ფაქტში მხილებული თათია სამხარაძის საქმეზე.

„უკანასკნელი დღეების განმავლობაში ხელისუფლება გასცდა დუმილის ფაზას, რაც გვინახავს სხვა საქმეებში, და ღია მხარდაჭერას უცხადებს შემვიწროვებელს, რითაც ეუბნება ძალადობისა და დისკრიმინაციის ყველა მსვერპლს, რომ დადუმდნენ და ახალისებენ მოძალადეებს. ჩვენთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ამ გზავნილის გასავრცელებლად ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოიყენეს საპარლამენტო ტრიბუნა. ასევე, მიუღებელია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიცია, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს არამ ხოლოდ ქალთა უფლებების დაცვისათვის საკანონმდებლო ბაზის, არამედ კანონების პრაქტიკაში აღსრულებისთვის სათანადო გარემოს შექმნას.

გასული დღეების განმავლობაში ჩვენ ვნახეთ ყველაზე საშიში და მანკიერი პრაქტიკა, როდესაც მოძალადის რეპუტაციის დასაცავად და მსხვერპლის დასასჯელად გამოიყენეს სახელმწიფო ინსტიტუციები მსხვერპლის დევნისა და ცრუ ნარატივების კვლავ წარმოებისათვის. მიუღებელია, როდესაც უფლებებისა და მართლწესრიგის დაცვის მოტივით, სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, იჭრებიან ადამიანის საცხოვრებელ სივრცეში. აღნიშნული ინციდენტი აღრმავებს ეჭვს – უკანონო თვალთვალისა და მიყურადების პრაქტიკის გამოყენებისა და პარტიული ინტერესების დასაცავად სახელმწიფო მანქანის ბოროტად გამოყენების შესახებ. ის ფაქტი, რომ შევიწროებაში სასამართლოს მიერ მხილებული პირი საჯაროდ იმუქრება, რომ მამხილებელი ადამიანების პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციები გასაჯაროვდება, აჩვენებს ხელშეუხებლობისა და დაუსჯელობის განცდას, რაც სახელმწიფოსა და კანონის სრულ უუნარობას ააშკარავებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ქალი დეპუტატები მოითხოვენ საგამოძიებო უწყებებისგან, შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ თათია სამხარაძის მიმართ განხორციელებულ დევნის ოპერაციას; ასევე შეისწავლონ და სამართლებრივი შეფასება მისცენ სხვა ქალების მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს შალვა რამიშვილის მიერ განხორციელებული შევიწროების შესახებ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერის ჩათვლით.

ასევე მოუწოდებენ საქართველოს სახალახო დამცველს, გამოხატოს საჯარო პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით; ამასთან, მოვუწოდებთ მას, განახორციელოსკანონით და მისი მანდატით გათვალისწინებული სამართლებრივი რეაგირება – დაიცვას თათია სამხარაძის უფლებები, რადგან აშკარაა დისკრიმინაციის ამკრძალავი კანონდებლობის განგრძობადი დარღვევა. კერძოდ, თათია სამხარაძე იდევნება მის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტის მხილებისა და სასამართლოში დავის მოგების გამო.

განცხადებას ხელს აწერენ:  ანა ნაცვლიშვილი, თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, ანა ბუჩუკური, ხათუნა სამნიძე, ანი წითლიძე, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია.


პროპაგანდისტული არხი POSTV რამდენიმე დღეა, ქალთა უფლებადამცველი აქტივისტის, თათია სამხარაძის წინააღმდეგ მადისკრედიტირებელ კამპანიას აწარმოებს. თათია სამხარაძე ამბობს, რომ მისი, როგორც ქალთა უფლებადამცველის უსაფრთხოება საქართველოში საფრთხეშია. მან სახალხო დამცველსაც მიმართა.

თათია სამხარაძე პირველია, ვინც პროპაგანდისტული POSTV-ის მფლობელი და წამყვანი, შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში ამხილა. შალვა რამიშვილს 2018 წელს სექსუალურ შევიწროების საქმეზე თათია სამხარაძემ საქალაქო სასამართლოში დავა მოუგო, რომელიც შემდგომმა ინსტანციამაც ძალაში დატოვა. შალვა რამიშვილს მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შალვა რამიშვილი სექსუალურ შევიწროებაში არაერთმა ქალმა ამხილა. 25 მარტს, ტელეკომპანია „ფორმულამ“ გამოაქვეყნა აუდიოჩანაწერი, რომელიც, სავარაუდოდ, შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტს ასახავს.