ქალი პოლიტიკოსები პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის მიმართ სავარაუდო არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებზე, სახალხო დამცველს რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
ისინი ლევან იოსელიანს მიმართავენ, პირადად მოინახულოს დაკავებულები, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და დროულად მოახდინოს რეაგირება შესაძლო არაჰუმანური მოპყრობის შემთხვევებზე. ქალი პოლიტიკოსები ასევე მოუწოდებენ ომბუდსმენს, რომ გამოიყენოს ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტი, რათა პატიმარ ქალებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიოთ.
„პატიმრობაში მყოფი ანასტასია ზინოვკინა და ნანა სანდერი ქალთა #5 პენიტენციური დაწესებულების მხრიდან გულგრილ, არაჰუმანურ და ღირსების შემლახველი მოპყრობის თაობაზე საუბრობენ. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ პერიოდულად ცნობილი ხდება საზოგადოებისთვის სხვადასხვა საკომუნიკაციო არხებით. მათი ადვოკატების და უფლებადამცველების მხრიდან არაერთი მცდელობის მიუხედავად, ქალი პატიმრები, ამ წუთამდე, ვერ იღებენ სათანადო სამედიცინო მომსახურებას.
აქვე, საყურადღებოა, რომ ანასტასია ზინოვკინას შეუცვალეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპი და მოათავსეს დახურული ტიპის დაწესებულებაში, რითაც შეუზღუდეს სატელეფონო ზარების და პაემნების რაოდენობა. ჩვენთვის სრულებით გაუგებარია ანასტასია ზინოვკინას პირობების გაუარესების საფუძველი, რაც დამატებით კითხვებს და ეჭვებს ბადებს.
შერჩევით, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ დამოკიდებულებაზე საუბრობს ნანა სანდერიც, რომელიც ასევე საჭიროებს სამედიცინო დახმარებას და აცხადებს, რომ მის ჩივილებს და საჭიროებებს სათანადო ყუარდღება არ ექცევა.
ხაზს ვუსვამთ, რომ პირადად სახალხო დამცველისგან, უკიდურეს შემთხვევაში კი მისი მოადგილეების – თამარ გვარამაძის, ელენე ღუდუშაურის და ირინე ჩიხლაძის – მხრიდან ველით მოახდინონ აღნიშნული გარემოებების მონიტორინგი, არსებული ვითარების საზოგადოებისთვის გაცნობა და საზოგადოების ინფორმირება, თუ რა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას აპირებს სახალხო დამცველის აპარატი” – ნათქვამია განცხადებაში.
ნანა სანდერის მხრიდან ბრალდებას, მის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის თაობაზე, არ ადასტურებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ამის შესახებ განცხადება პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ გააკეთა და თქვა, რომ ადგილი აქვს სამსახურის დისკრედიტაციისა და რეპუტაციის შელახვის მცდელობას.
თუმცა ამის და მიუხედავად, ნანა სანდერის განცხადებასთან დაკავშირებით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხრიდან დაიწყება სამსახურეობრივი შემოწმება, ბრალდებულის უფლებების დარღვევის ფაქტის დადასტურების შემთხვევაში კი, გამოყენებული იქნება პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიება, რაც მოგვიანებით ეცნობება, როგორც ბრალდებულს ისე საზოგადოებას.