სევა შამოიანის საქმეზე, რომლის დაწვაც სცადეს, განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული შალვა გოგოლაძე დამნაშავედ ცნო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ივნისს, შ.გ.-მ მიაკითხა ს.შ.-ს სახლში, გაიყვანა ეზოში და შერიგება მოსთხოვა. ს.შ.-სგან უარის მიღების შემდეგ, შ.გ.-მ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა.
ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ხოლო ს.შ. ადგილზე შეკრებილი ადამიანების დახმარებით გადაურჩა დაწვას. სათანადო სამედიცინო ჩარევის შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა შ.გ. იმავე დღეს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ შ.გ. დამნაშავედ ცნო დამამძიმებელ გარემოებაში – განსაკუთრებული სისასტიკით განზრახ მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
ის დანიშნულ სასჯელს შეურაცხადობის გამო, სასამართლოს მიერ დაწესებული იძულებითი მკურნალობის შემდგომ მოიხდის, “- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.