21 წლის ქეთი ჯავახიშვილის მკვლელობისთვის ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს სასამართლომ უვადოდ თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოტანა.
მოსამართლემ ოთარ ცინდელიანი დამნაშავედ ცნო გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ მკვლელობაში.
პროკურატურის განცხადებით, საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულება არსებობს, რითაც დასტურდება, რომ ბრალდებულმა 21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში, გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით ჩაიდინა.
დაცვის მხარე კი ამტკიცებდა, რომ ბრალდებულს დანაშაული გენდერის ნიშნით არ ჩაუდენია. ამასთან, მკვლელობის განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენასაც გამორიცხავდა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობის დროს ცინდელიანი პერიოდულად ამბობდა, რომ მკვლელობის დროს შერაცხადი არ ყოფილა, თუმცა, ეს არ დადასტურდა.
21 წლის ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს.
ექსპერტიზის თანახმად, მოკლულ ქალს 59 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული – ყველა მათგანი სიცოცხლის დროინდელი იყო.
მოსამართლის განცხადებით, ექსპერტიზის დასკვნიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ ბრალდებამ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობა დაადასტურა.
„რაც შეეხება გენდერის ნიშანს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ოთარ ცინდელიანს ქეთევან ჯავახიშვილის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გააჩნდა, რომ მკვლელობა გენდერის ნიშნით იყო ჩადენილი. ის ოჯახის წევრებთანაც უკრძალავდა კომუნიკაციას.
სასჯელის სახეს რაც შეეხება, ბოლო მომენტი იყო ბრალდებულის საბოლოო სიტყვა, სადაც სასამართლომ ვერ მოისმინა ის გულწრფელი აღიარება და მონანიება, რასაც შეიძლებოდა სასამართლო დაყრდნობოდა.
ჩვენ დავკითხეთ ფსიქიატრიული ექსპერტი, ფსიქოლოგი, მათ ექსპერტმა ცალსახად მიუთითეს ბრალდებულის მხრიდან მის ქმედებაზე ზერელე დამოკიდებულებაზე. სასამართლომ ჩათვალა, რომ სასჯელის უმკაცრესი ზომა ერთადერთი სასჯელის ზომაა, რაც სასჯელის მიზანს შეესაბამება, რაც სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან არიდება და დამნაშავის რესოციალიზაცია”. – განაცხადა მოსამართლე გიორგი გელაშვილმა.