ქალთა მიმართ ძალადობის საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა - ქალი დეპუტატები

პუბლიკა

პარლამენტის ოპოზიციის წევრმა ქალმა დეპუტატებმა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, ქალთა მიმართ ძალადობის მხრივ საქართველოში არსებულ ვითარებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, საქართველოში დღეს გვაქვს ფემიციდის, ქალებზე ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის ასობით შემთხვევა, თუმცა სახელმწიფო უმაღლეს პოლიტიკურ რანგზე ფემიციდის საკითხს არ აყენებს.

„არ გვაქვს ქალთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები, არ გვაქვს მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერების პროგრამები და გვაქვს ძალიან მძიმე სტერეოტიპები, ჯერ კიდევ ფესვგადგმულია, რომელიც ბევრ ქალს დაუჯდა სიცოცხლის ფასად.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფემიციდთან და ძალადობასთან საბრძოლველად მხოლოდ ცალკეული უწყებების კოორდინირებული მუშაობა არაა საკმარისი, მათი მუშაობაც წყალში იყრება, როცა ამ საკითხს არ აქვს უმაღლესი პოლიტიკური მხარდაჭერა საქართველოში.

გვინდა, განსაკუთრებით მოვუწოდოთ კაც პოლიტიკოსებს, აღიმაღლონ ხმა ძალადობის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია პარლამენტის როლი, რომ 21-ე საუკუნეში სექსუალური ძალადობა და მისი უკიდურესი ფორმა საქართველოს კანონმდებლობაში არ აკმაყოფილებს იმ სტანდარტებს, რომლებიც ცივილიზებულმა სამყარომ დააწესა და მიუხედავად არაერთი მცდელობისა, სისტემა წინააღმდეგობას უწევს იმას, რომ ცივილიზებული, სათანადო, სამართლიანი განმარტება იყოს ამ დანაშაულის კანონში შეტანილი.

მოვუწოდებთ პარლამენტს, დაუყოვნებლივ გადადგას ეს ნაბიჯი. ამავე დროს არის ბევრი სხვა თემა, სადაც უნდა იყოს კოორდინირებული ძალისხმევა, სხვა შემთხვევაში, მხოლოდ კანონმდებლობის ცვლილება ვერ მოიტანს მდგრად ცვლილებებს“, – განაცხადა მან.