„ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა არ არის მხოლოდ ქალების საქმე! ამ ბრძოლაში ყველა უნდა გავერთიანდეთ!“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია Facebook-ზე.
გახარიას აზრით, მართალია საქართველოს ქალთა მიმართ ძალადობაზე გამართული კანონმდებლობა აქვს, მაგრამ ბოლო ორ თვეში 8 ქალი თავისივე ოჯახის წევრმა მოკლა და ეს სურათი აჩვენებს, რომ ამ კუთხით მეტი ძალისხმევაა საჭირო.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებით, საერთო ძალისხმევით ბევრი გაკეთდა, თუმცა, კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო.
„პირველ რიგში, მოგიწოდებთ კაცებს – ჩაერთეთ სოციალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
ასევე, მოგიწოდებთ ყველა ჩემი კაბინეტის წევრს, ცნობილ საზოგადო მოღვაწეებს, სპორტსმენებს, პოლიტიკოსებს, მედიის წარმომადგენლებს და სხვებს – დაგმეთ ასეთი ფაქტები საჯაროდ.
ზოგადად, მნიშვნელოვანია ყველა სამინისტრომ პოლიტიკის დონეზე აიყვანოს, პრიორიტეტად აქციოს ეს საკითხი და საჯაროდ დაგმოს ძალადობა“, – წერს გახარია.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ქალთა მიმართ ძალადობასთან საბრძოლველად საჭიროა როგორც საჯარო უწყებების, ისე სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო პარტნიორების და მედიის ერთიანი ძალისხმევა.
„ორ დღეში 8 მარტია. ჩვენი ამოცანა არ არის ამ დღის სიმბოლურად აღნიშვნა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ყოველდღიურად ვხედავდეთ პროგრესს ქალთა უფლებების დაცვის მიმართულებით“, – წერს გიორგი გახარია Facebook-ზე.