ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ფარგლებში, გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებულ საკითხებზე პარლამენტს სამი საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება. ამასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგი გამართეს.
„ეს არის ინიციატივები, რომელთა მიხედვითაც: პირველი – ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში დაგეგმილია ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ყველა საკანონმდებლო ინიციატივის წარდგენისას მათ წარმდგენებს გაუჩნდებათ კანონშემოქმედებითი ინიციატივების წინასწარ შეფასების ვალდებულება გენდერულ თანასწორობაზე მოსალოდნელი გავლენის მოხდენის კუთხით;
მეორე – ცვლილება შევა რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რის მეშვეობითაც საკანონმდებლო დონეზე დადგინდება გენდერული თანასწორობა არა მხოლოდ როგორც თანაბარი სამართლებრივი შესაძლებლობის უზრუნველყოფა, არამედ მიზნად და ამოცანად განისაზღვრება ფაქტობრივი თანასწორობის მიღწევის სტიმულირება;
მესამე – ცვლილებები გატარდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მარეგულირებელ რამდენიმე საკანონმდებლო აქტში, რომელთა მიხედვითაც გადაიდგმება ნაბიჯები ამ მიმართულებით საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად და საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ჰარმონიზაციის მიმართულებით“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.
მისივე თქმით, ყველა დასახელებული მიმართულებით, ასევე სხვა მიმართულებებითაც დაგეგმილია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა.