ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის პოლიტიკა რადიკალურ ცვლილებას ითხოვს - SJC

პუბლიკა

25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს სოციალური სამართლიანობის ცენრი ეხმაურება.

ძალადობა გენდერული ნიშნით ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე მძიმე ფორმაა, რომელიც ქალებისთვის სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, ღირსების, პირადი ცხოვრებისა და სხვა არსებითი უფლებების ხელყოფას განაპირობებს და ცხოვრების და განვითარების საბაზისო შესაძლებლობას ართმევს.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, გენდერული ძალადობის პირობებში შეუძლებელია გენდერული თანასწორობისა და სამართლიანობის მიღწევა და სწორედ ამიტომ სახელმწიფოებს მოეთხოვებათ გაატარონ სპეციალურ პოზიტიური ზომები და პოლიტიკა მისი აღმოფხვრისთვის.

გენდერული ძალადობის სტატისტიკა საქართველოში შემაშფოთებელია. საქართველოში ყოველი 7 ქალიდან 1 ქალი მაინც გამხდარა ფიზიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი მისი პარტნიორისგან მათ ცხოვრებაში და 29 ქალიდან 1 ქალი მხოლოდ ბოლო წელს.  საქართველოში ქალთა 26,2 % განცდილი აქვს სექსუალური ძალადობა არა-პარტნიორისგან,  სექსუალური ძალადობა ბავშვობის დროს და სექსუალური შევიწროება.

პანდემიის დროს გენდერული ძალადობის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზარდა. სტრესი, სოციალური და დამცავი სისტემების და ქსელების მოშლა, შემოსავლის დაკარგვა და სხვადასხვა სერვისებისადმი ხელმისაწვდომობის შემცირება არსებითად ზრდის ქალების მიმართ ძალადობას.

„არსებულ პოლიტიკაში მკვეთრად სუსტია ძალადობის მსხვერპლების შემდგომ ზრუნვაზე და გაძლიერებაზე მიმართული სამუშაოები, რაც ქალებისთვის საცხოვრისის, დასაქმების, განათლების მიღების, ეკონომიკური გაძლიერების გარანტიების შექმნას და მათთვის რეალურად უსაფრთხო გარემოს შექმნას გულისხმობს.

ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ არსებულ პოლიტიკაში სრულად არის გამორიცხული ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომები, რომელიც სწორედ ძალადობის სტრუქტურული მიზეზების გააზრებას და გარდაქმნას, ასევე მოძალადესთან სათანადო ტრანსფორმაციულ მუშაობას და ძალადობის მსხვერპლის სოციალურ გაძლიერებას გულისხმობს.

ტრანსფორმაციული მართლმსაჯულების მიდგომების მიღმაც კი, სახელმწიფო სასჯელის გამოყენების დროს არ უზრუნველყოფს მოძალადის სათანადო რეაბილიტაცია პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რაც კონკრეტულ ოჯახებს და ადამიანებს ძალადობის განგრძობადი და კიდევ უფრო მძიმე რისკების წინაშე აგდებს.

ამდენად, ბოლო წლებში სულ უფრო თვალნათელი ხდება ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკაში მხოლოდ სადამსჯელო მიმართულებით სახელმწიფოს გააქტიურება, თუმცა, ის არსებითად სუსტია ძალადობის მსხვერპლების მდგრადი და რეალური დაცვის, ასევე  დანაშაულის ზოგადი და კერძო პრევენციის მიმართულებით, რომელიც გენდერული ძალადობის სისტემური მიზეზების იდენტიფიცირებას, მათ გარდაქმნას და დანაშაულის ჩამდენი პირების ქცევის, დამოკიდებულებების და ცნობიერების რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს, “- ამბობენ ორგანიზაციაში.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ არსებითია სახელმწიფოს არსებული პოლიტიკა არსებითად გაუმჯობესდეს და ის ძალადობის აღმოფხვრის უფრო მრავალშრიან ხედვას და მიდგომებს დაეფუძნოს. მნიშვნელოვანია მასში ერთის მხრივ, მკვეთრად გაძლიერდეს მსხვერპლი ქალების რეალურ საჭიროებებზე და გრძელვადიან გაძლიერებაზე მიმართული მუშაობა, მეორეს მხრივ, კი შეიქმნას ინტერ-დისციპლინურ ცოდნაზე და ინტერ-უწყებრივ (საპოლიციო, მართლმსაჯულების, სოციალური და პენიტენციალური სფეროების) კოორდინაციაზე დაფუძნებული სისტემური პოლიტიკა, რომელიც ძალადობის სტრუქტურულ მიზეზებს უპასუხებს, ძალადობის ჩამდენ პირებს ქცევის, ცნობიერებისა და მიდგომების რეალურ ცვლილების პირობებს შეუქმნის და მოახერხებს ძალადობის რისკების გაზომვის უფრო დროული და დახვეწილი მეთოდოლოგიების დანერგვას.