ქალთა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას საკლუბო ტურნირის მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა

პუბლიკა

საქართველოს ქალთა ლიგის 2019 წლის ჩემპიონმა საფეხბურთო კლუბმა „ლანჩხუთმა“ უეფას ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაიწყო. შესარჩევი რაუნდის პირველ ეტაპზე ლანჩხუთელები სტუმრად ყაზახურ „ოქჟეტპესს“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე ანგარიშით – 2:1 დაამარცხეს.

მატჩის მე-5 წუთზე „ოკჟეტპესი“ დაწინაურდა ნურშევას გოლით, მეორე ტაიმში, 65-ე წუთზე კი ანგარიში გათანაბრდა, გამარჯვების გოლი დამატებით დროში, 95-ე წუთზე გავიდა. დუბლი ხატია ჭყონიამ შეასრულა.

ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ამ გამარჯვებით ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ ქართული ფეხბურთის ისტორიაში გახდა პირველი გუნდი, რომელმაც უეფას საკლუბო ტურნირის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საგზური მოიპოვა. ლანჩხუთელები უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას 18/19 ნოემბერს ჩაატარებენ. შეხვედრის თარიღი და მეტოქე 6 ნოემბერს გასამართ წილისყრაზე გაირკვევა.


ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ საქართველოს ჩემპიონი 2019 წელს გახდა. ლანჩხუთელებმა 18 შეხვედრაში 51 ქულა დააგროვეს და უშუალო კონკურენტ თბილისის „ნიკეს“ ურთიერთშეხვედრების ხარჯზე აჯობეს. 2020 წლის ქალთა ლიგის გათამაშება კი, “ლანჩხუთმა“ 34 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.