ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მოკრივეს სასამართლომ აღკვეთის სახით გირაო შეუფარდა

პუბლიკა

ქალზე ძალადობაში ბრალდებულ მოკრივე გიორგი ყუშიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, რასაც პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს.

პროკურატურის ცნობით, არ ეთანხმებიან თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ქალზე ძალადობაზე ბრალდებული გ.ყ-სთვის 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას და პატიმრობას მოითხოვენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 23 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულმა გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, ქალის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ძალადობა) წარედგინა“, – ამბობენ პროკურატურაში. მათივე ცნობით,  სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

ბრალდებულის ადვოკატმა „TV პირველს“ უთხრა, რომ მოკრივე დანაშაულს არ აღიარებს.