ქალზე ძალადობასა და მუქარის ბრალდებით დაკავებულმა მსახიობმა და მომღერალმა კახა აბუაშვილმა (კაბუ) საპატიმრო დატოვა. სასამართლომ მას 10 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ასევე, მოსამართლის გადაწყვეტილებით, აბუაშვილს კომუნიკაცია აეკრძალა დაზარალებულ ქალთან, ასევე დაევალა 10 დღეში ერთხელ მივიდეს საგამოძიებო ორგანოში.
პროკურატურა გადაწყვეტილების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებას გეგმავს.
კაბუ 26 ნოემბერს დააკავეს.
სახელმწიფო ბრალდების ინფორმაციით, კაბუმ მასთან ერთად მყოფ ქალს ფეხის არეში დანის ტარი ჩაარტყა და ასევე, ხელი რამდენჯერმე გაარტყა. აღნიშნულის შედეგად, ქალმა ფიზიკური ტკივილი განიცადა და სხეულის დაზიანება მიიღო. გარდა ამისა, ბრალდებული დანის დემონსტრირებით, ჯანმრთელობის დაზიანებითა და დასახიჩრებით დაემუქრა დაზარალებულს და გახსნილი დანა მისი მიმართულებით ორჯერ მოიქნია.
გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ორ ცალ პოლიეთილენის ჩამკეტიან პაკეტში მოთავსებულ ნარკოტიკულ საშუალებას.
კაბუს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), 151-ე მუხლის პირველი ნაწილით (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მოტივით ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა) და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წარედგინა.