ქამინგაუთის შემდეგ ჯოშ კავალოს საფეხბურთო სამყარო მხარდაჭერას უცხადებს

პუბლიკა

თანამედროვე ფეხბურთის ისტორიაში პირველად ეროვნული ჩემპიონატების უმაღლესი ლიგის გუნდის მოთამაშემ საჯაროდ განაცხადა, რომ გეია.

ავსტრალიის „ადელაიდა იუნაიტედის“ 21 წლის ნახევარმცველმა ჯოშ კავალომ საკუთარი ოფიციალური Twitter-ის გვერდზე ვიდეომიმართვაც გაავრცელა:

„რაღაც პირადული მინდა ყველას გაგიზიაროთ – მე ვარ ფეხბურთელი და გეი. ბავშვობაში ყოველთვის ვგრძნობდი საკუთარი თავის დამალვის საჭიროებას, რადგან მრცხვენოდა, მრცხვენოდა, რომ ვერასდროს გავაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს და ამასთანავე ვიქნებოდი გეი. ვმალავდი, რადგან ბავშვობის ოცნების ახდენა მსურდა. მხოლოდ ის მინდა, რომ ვითამაშო ფეხბურთი და მომეპყრან თანასწორად. დავიღალე ორმაგი ცხოვრებითა და სხვისი როლის მორგებით. ეს ძალიან დამღლელია და არ მინდა, ვინმემ ეს გამოცადოს. მეგონა, რომ თუ ხალხი ჩემზე სიმართლეს გაიგებდა, სხვანაირად დაიწყებდა ფიქრს, განსხვავებულად მომეპყრობოდა, ჩემზე ცუდ რამეებს იტყოდა – ეს სიმართლე არ აღმოჩნდა. სინამდვილეში ადამიანებისგან მეტი პატივისცემა დავიმსახურე. ქამიგნაუთი ჩემს საყვარელ ადამიანებთან, მშობლებთან, მეგობრებთან, თანაგუნდელებთან, მწვრთნელებთან წარმოუდგენელი იყო. უდიდესი მხარდაჭერა მივიღე. ამან დამაფიქრა, რატომ ვიმალებოდი ამდენ ხანს. მინდა შთავაგონო და ვუთხრა სხვა ადამიანებს, რომ იყო ის, ვინც ხარ და ითამაშო ფეხბურთი – ეს ნორმალურია. ნორმალურია, რომ იყო გეი და ითამაშო ფეხბურთი. მინდა ვაჩვენო მათ, ვინც იტანჯება, ეშინია, ვინც საკუთარ თავს არ ჰგავს – უნდა იყოთ ის ვინც, სინამდვილეში ხართ და არა ვინმე სხვა. აღტაცებული ვარ, რომ ჩემი ქამინგაუთით შემიძლია ყველას გავუზიარო, თუ ვინ არის ნამდვილი ჯოშ კავალო. მე ფეხბურთელი ჯოშ კავალო ვარ და ვამაყობ, რომ გეი ვარ“, – ამბობს ფეხბურთელი მიმართვაში.


ჯოშ კავალოს ქამინგაუთის შემდეგ, თანაგუნდელებისა და მწვრთნელების გარდა, საჯაროდ მხარი დაუჭირეს ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორიცაა ჟერარ პიკე, რაფაელ ვარანი და მარკუს რაშფორდი, ასევე გარი ლინეკერი, რობინ ვან პერსი, ჯოი ბარტონი და ა.შ.

კავალოს მხარდაჭერას უცხადებენ საფეხბურთო კლუბები – ჩელსი, იუვენტუსი, შეფილდ იუნაიტედი და სხვა.

„შენი პირადად გაცნობის პატივი ჯერ არ მქონია, თუმცა მინდა მადლობა გადაგიხადო ამ ნაბიჯისთვის. ფეხბურთის სამყარო ბევრად უკან არის და შენ წინსვლაში გვეხმარები“, – წერს პიკე.