ქარდავა: „ოცნების“ საქმე არ გამიკეთებია, ყველაფერი გაუგებრობას უნდა მივაწეროთ

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის წევრმა, ბაჩუკი ქარდავამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრის შესახებ ისაუბრა.

ბაჩუკი ქარდავა ერთ-ერთი ოპოზიციონერი დეპუტატია, რომელმაც დღეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების ასარჩევად გამართულ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა და რამდენიმე კანდიდატს მხარი დაუჭირა.

ამ კენჭისყრის შემდეგ 90-ზე მეტი ხმით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად აირჩიეს ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა).

ბაჩუკი ქარდავას განმარტებით, „დღეს მას „ქართული ოცნების“ საქმე არ განუხორციელებელია“ და „ყველაფერი გაუგებრობას უნდა მივაწეროთ“.

ის ადასტურებს, რომ კენჭისყრის დროს ხმა დაუჭირა რამდენიმე კანდიდატს, თუმცა ეთერში მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების დასახლება გაუჭირდა. ქარდავას თქმით, ის 29 -ვე კანდიდატის მხარდაჭერას გეგმავდა, თუმცა ოპოზიციის დარბაზიდან გამოსვლის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, დატოვა დარბაზი და დანარჩენი კანდიდატებისთვის ხმა აღარ დაუჭერია.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევნების საკითხზე ოპოზიციას შორის არ ყოფილა არც კოორდინაცია, არც ბოიკოტის გადაწყვეტილებაზე საუბარი და „კენჭისყრა თავისუფალი იყო“.

„პირადად მე რაც შემეხება, რამდენიმე ადამიანს მე მივეცი ხმა, მაგრამ ამ ადამიანებიდან ყველა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი არ იყო. არ ვიცოდი, ვინ უნდა ჩამეთვალა „ქართული ოცნების“ კანდიდატად. იმედი მაქვს, რომ იმ ადამიანებს შორის ვისაც ხმა მივეცი, არ არიან„ქართული ოცნების“ კანდიდატები.

თუ იქნებოდა შეთანხმება, რომ გამოგვეცხადებინა ბოიკოტი და არავის მიეცა ხმა, ისე როგორც ეს საგამოძიებო კომისიის დროს მოხდა და ვყოფილიყავით ერთიანი, რა თქმა უნდა, ამას დავუჭერდი მხარს. „ქართულ ოცნებასთან“ გარიგება კი არა, საუბარიც არ მქონია. რუსულ ხელისუფლებასთან გარიგებას არ ვაპირებ. მე არ დამიდასტურებია, რომ სამი კანდიდატი, რომლებიც გავიდა, გავიდა ჩემი ხმით. გიდასტურებთ რომ რიგ კანდიდატებს ხმა მივეცი იმ სიიდან. 29 ადამიანს შორის იყვნენ ადამიანები, ვისთვისაც მინდოდა ხმის მიცემა“, – ამბობს ქარდავა.