ქარელში, დევნილთა დასახლებაში სავარაუდოდ ბუნებრივი აირის შედეგად აფეთქება მოხდა

პუბლიკა

ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში აფეთქება მოხდა, – ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

„პირველადი ინფორმაციით, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე დაზიანებულია 11 საცხოვრებელი ბინის შესასვლელი კარი და ოთახებს შორის ტიხრები.  ჩამსხვრეულია მინები. ასევე, დაზიანებულია ეზოში მდგარი 1 ავტომობილი.

შემთხვევის შედეგად დაშავდა 58 წლის მამაკაცი, რომელიც გადაყვანილია სტაციონარში და უტარდება შესაბამისი სამედიცინო დახმარება. უსაფრთხოების მიზნით, მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან განახორციელეს მოქალაქეთა ევაკუაცია“, – წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.