ქარელში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

პუბლიკა

პოლიციამ ქალაქ ქარელში, 1986 წელს დაბადებული კ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

არაოფიციალური ინფორმაციით,  დაკავებული ყინწვისის მამათა მონასტრის ერთ-ერთი მღვდელმსახურია.

„გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულმა, გორის რაიონის სოფელ რიეთის საავტომობილო გზაზე გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა დაზარალებულის მართვის ქვეშ მყოფ ავტომანქანას, რის შემდგომაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა”, – წერს შსს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის მუხლებით გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას უწყებაში მხოლოდ იმას ამბობდნენ, რომ ყინწვისის მონასტერთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. კონკრეტულად, რა ფაქტს ეხებოდა საქმე, ამაზე შსს-ს დამატებითი ინფორმაცია არ გაუვრცელებია.