ქარტია: ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას კანონი არ ითვალისწინებს

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიხეილ სააკაშვილის პროცესის გაშუქებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციის განცხადებით, 02 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის დარბაზიდან გაშუქების შესაძლებლობა მედიასაშუალებების ნაწილს არ მიეცა, რითაც შეიზღუდა მათი მუშაობა.

„სასამართლომ არ განმარტა, რის საფუძველზე უთხრა უარი მედიის ნაწილს დასწრებოდა სხდომას. საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას.

შესაბამისად, სრულიად გაუგებარია რა კრიტერიუმებით არ მისცა სასამართლომ უფლება მედიის ნაწილს დასწრებოდა და გაეშუქებინა სასამართლო სხდომა, რითაც, ერთი მხრივ, შეზღუდა ჟურნალისტის უფლებები, მეორე მხრივ, კი საზოგადოებას წაართვა შესაძლებლობა ამ სასამართლო სხდომის შესახებ ინფორმაცია მიეღო სხვადასხვა წყაროდან.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება ,,საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს, რომ ,,სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს.

სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით.“ – ნათქვამია განცხადებაში.