ქარტია გმობს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის სექსისტურ გამონათქვამებს

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთკის ქარტია გმობს ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარის, დავით დარჩიას რეპლიკებს ჟურნალისტ ნატო გოგელიას მიმართ.

2022 წლის 5 ოქტომბერს დავით დარჩიამ TV პირველის ჟურნალისტს, ნატო გოგელიას პროფესიული საქმიანობის შესრულებისას შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა და გამოიყენა დისკრიმინაციული, სექსისტური ენა.

ქარტია აღნიშნავს, რომ თანამდებობის პირის მხრიდან სრულიად მიუღებელია, როგორც ამგვარი დამოკიდებულება ჟურნალისტისადმი, ისე ასეთი დისკრიმინაციული ლექსიკის გამოყენება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ დისკრიმინაცია და გადავიდნენ მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმზე.

„მნიშვნელოვანია, ხელისუფლების წარმომადგენელს ესმოდეს მედიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში და იზრუნოს მათ შორის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე და სათანადოდ მოექცეს მათ”. – ვკითხულობთ განცხადებაში.

ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესია და მოუწოდებს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობის წახალისება, სექსისტური და დისკრიმინაციული ენის გამოყენება.