ქარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, დროულად შეიმუშავოს სასამართლო პროცესების გაშუქების მარტივი და ნათელი პროცედურები

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს,  დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სასამართლო სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიიღოს პასუხი განცხადებებზე.

საუბარია „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილ ცვლილებებზე, რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება, გადაღებაზე ნებართვა კი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა გასცეს.

ქარტიის შეფასებით, ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს.

„დღეს, 30 ივნისს, სინდისის პატიმრების პროცესის, ნიკა გვარამიას პროცესის და სხვა პროცესების გასაშუქებლად თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული ჟურნალისტები სასამართლოს მანდატურებმა ეზოს  შესასვლელთან შეაჩერეს და აპარატურა დაატოვებინეს.

წინა დღეებში მათი რედაქტორები უშედეგოდ ცდილობდნენ დაედგინათ, თუ რა უნდა გაეკეთებინათ პროცესების გადასაღებად ნებართვის მისაღებად ან იქნებოდა თუ არა მედიებისთვის ხელმისაწვდომი, ალტერნატივის სახით, თავად სასამართლოს მიერ გაკეთებული ჩანაწერები.

სასამართლო სისტემა სრულიად მოუმზადებელი დახვდა საკანონმდებლო ცვლილებებს და მედიისთვის შესაბამისი წესების შემუშავებაზე და ახალი რეგულაციების შესახებ მათ ინფორმირებაზე წინასწარ არ იზრუნა.

გასულ კვირას „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში, რითაც ფაქტობრივად სასამართლოს მთელ ტერიტორიაზე  – სხდომის დარბაზებში, სასამართლოს შენობაში და სასამართლოს ეზოში – აკრძალა ფოტო, კინო და ვიდეოგადაღება, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია.

საკანონმდებლო ცვლილებებმა მედია სექტორში დიდი დაბნეულობა გამოიწვია. ჟურნალისტებს ბევრი კითხვა ჰქონდათ პროცედურებთან დაკავშირებით, იუსტიციის საბჭო კი, რომელსაც გადაღებაზე ნებართვების გაცემა დაევალა, დღეს მთელი დღის განმავლობაში დუმდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს უთხრეს, რომ მსგავს საკითხზე გადაწყვეტილების მიღება უკვე მათ კომპეტენციას სცილდებოდა.

ნაჩქარევად მიღებული ცვლილებები სამართლიანი სასამართლოს უფლებას ეწინააღმდეგება და სასამართლოების დამოუკიდებლობის ხარისხს ამცირებს, ხოლო დემონსტრაციული უყურადღებობა მოქალაქეებისა და მედიის საჭირობის მიმართ მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს.

ქარტია მოუწოდებს იუსტიციის საბჭოს,  დაუყოვნებლივ შეიმუშაოს სხდომების გადაღებაზე ნებართვის გაცემის მარტივი და ნათელი პროცედურები, რაც მედიას შესაძლებლობას მისცემს, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე, სხდომის დაწყებამდე, სწრაფად მიიღოს პასუხი განცხადებებზე.

პარალელურად, ქარტია მოუწოდებს საერთო სასამართლოებსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს, იზრუნონ სხდომების ჩაწერაზე და ეს ჩანაწერები დროულად და  გამოსადეგ ფორმატში მიაწოდონ მედიას.

იმ დროს, როცა ქვეყანაში მრავალი იმგვარი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, რომელთა მიმართაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებულად მაღალია, სასამართლო სისტემა ვალდებულია, ყველაფერი გააკეთოს პროცესების საჯაროობის უზრუნველსაყოფად”, – ნათქვამია განცხადებაში.


„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 26 ივნისს საბოლოოდ მიიღო „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები, რომლითაც მედიისთვის სასამართლო სხდომების გაშუქება მნიშვნელოვნად იზღუდება.

კანონი ძალაში 27 ივნისს შევიდა.

ცვლილებების მიხედვით:

  • იზღუდება სასამართლოს ეზოსა და დერეფნებში გადაღება;
  • პროცესების გადაღების უფლებამოსილება ენიჭება სასამართლოს ან სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს;
  • ვიდეო-, აუდიოჩაწერა და ტრანსლაცია დასაშვები იქნება იუსტიციის საბჭოს გადაწყვეტილებით;
  • სასამართლოს შეეძლება სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევა.

გარდა მედიის რეგულირებისა, კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით:

  • იზრდება მოსამართლეების ხელფასი, პოზიციაზე ყოფნის წლები, იცვლება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესი და იზღუდება მოსამართლესთან დაკავშირებით გამოხატვის ფორმები.
  • დასჯადი იქნება მოსამართლეზე რაიმე სახით ზემოქმედება უკვე მიღებული გადაწყვეტილების გამო ან სამომავლოდ მისაღებ გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით.
  • დაზუსტდა, რომ სასამართლოს უპატივცემულობად ჩაითვლება ვერბალური გამონათქვამი, უხამსი ქმედება და ა.შ., როგორც სხდომაზე, ასევე საჯარო სივრცეში.
  • გაფართოვდა დაინტერესებული პირის განმარტება – ასეთი იქნება ნებისმიერი პირი, რომელიც მოსამართლეზე ან სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობაზე ზემოქმედების მიზნით ცდილობს მოსამართლესთან არასათანადო კომუნიკაციას.
  •  დაუშვებელი იქნება გამოძიების სტადიაზე დაინტერესებული პირის მოსამართლესთან ისეთი კომუნიკაცია, რაც დაკავშირებულია საქმის განხილვასთან, არღვევს მიუკერძოებლობის პრინციპს ან წარმოადგენს მოსამართლეზე ზემოქმედების მცდელობას და ა.შ.

„ქართული ოცნების” პარლამენტმა „საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში ცვლილებები დაჩქარებული წესით განიხილა და 2 დღეში მიიღო.