ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა და 300-ზე მეტ ჟურნალისტს აერთიანებს, აცხადებს, რომ „მხარს უჭერს „ფორმულას“, „მთავარი არხის” და „ტვ პირველის” გადაწყვეტილებას, შეეწინააღმდეგონ “ქართული ოცნების” არაეთიკურ წინასაარჩევნო კამპანია”.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, „არ დაავალდებულოს ისინი, ეთერში განათავსონ მმართველი პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლი, რომელიც კრემლის გზავნილებს იმეორებს, შეურაცხყოფს როგორც უკრაინელი, ისე ქართველი ხალხის ღირსებას და ძირს უთხრის ამ ორ ერს შორის ისტორიულად ჩამოყალიბებულ მეგობრობას”.
„ქუჩაში გამოფენილმა მსგავსი შინაარსის საარჩევნო ბანერებმა ტკივილი მიაყენა უკრაინულ ხალხს და ქართული საზოგადოების სრულიად სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვია”. – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
5 ოქტომბერს „მთავარმა არხმა”, „ფორმულამ” და „ტვ პირველმა” ერთობლივად განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება” ტელევიზიებისგან ბანერების ეთერში გაშვებას მოითხოვს.
ტელეკომპანიების განცადებით, „მიუხედავად მოსალოდნელი მძიმე ჯარიმებისა, კრიტიკული არხები არ აპირებენ, ხელი შეუწყონ „ქართული ოცნების” რუსულ პროპაგანდას და უკრაინელი ხალხის დაცინვას და უარს ამბობენ „ამორალური” ბანერების ეთერში გაშვებაზე, რომლებიც „ოცნებას” ქუჩებში, ბილბორდებზე აქვს გამოფენილი”.