ქარტია მოუწოდებს ჟურნალისტებს, განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ ვაქცინაციის პროცესი

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს ყველა მედიასაშუალებას, კორონავირუსის ვაქცინასთან დაკავშირებული თემები განსაკუთრებული სიფრთხილით გააშუქონ, დაიცვან სიზუსტე, წარმოაჩინონ ფართო კონტექსტი, არ დააბნიონ და შეცდომაში არ შეიყვანონ აუდიტორია.

როგორც ქარტიის განცხადებაშია ნათქვამი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის, როგორც საყოველთაო ჯანდაცვის სფეროს საკითხის გაშუქებისას, მედიამ გაავრცელოს ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ჟურნალისტებს რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავს:

● აცრის და თავად ვაქცინის ხარისხის გაშუქებისას გაიღეთ მაქსიმალური ძალისხმევა, რათა გაავრცელოთ ზუსტი, უტყუარი და გადამოწმებული ინფორმაცია. ჯანმრთელობის საკითხების არასწორმა გაშუქებამ, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ცალკეულ ინდივიდებს, არამედ საფრთხის ქვეშ დააყენოს საყოველთაო ჯანდაცვის უსაფრთხოება.

● გამოიყენეთ სანდო და რელევანტური წყაროები;

● შეარჩიეთ კვალიფიციური გამოცდილი რესპონდენტები, რომლებიც ისაუბრებენ ფაქტებსა და კვლევებზე დაყრდნობით.