ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს ეხმაურება ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ვახო სანაიასა და მისი ოჯახის წევრის მიმართ ძალადობას და მიიჩნევს, რომ მომხდარი ფაქტი სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიძიონ.
„ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ არაერთხელ განაცხადა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა.” – ნათქვამია განცხადებაში.
დღეს შსს-მ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით, სამი პირი დააკავეს, თბილისში.
ვახო სანაიამ ექსპერტიზის ბიუროს დატოვების შემდეგ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ თავდასხმის დეტალებზე ისაუბრა.
მისი თქმით, სამივე თავდამსხმელი, სავარაუდოდ, ნასვამები იყვნენ. მათ ვახო სანაია ამოიცნეს, როცა მან ჩამოიწია პირბადე, აგრესიის მიზეზი კი მისი პროფესიული საქმიანობა იყო, რადგან თავდამსხმელები იგინებოდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა მისამართით.
მისი თქმით, მას აქვს დაზიანებები თავის არეში და სხეულის სხვადასხვა ადგილას.
მისივე თქმით, თავდამსხმელები „კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს აგინებდნენ გამორჩეულად.“