ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რუსთაველის გამზირზე მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ძალადობას ეხმაურება და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მიიღონ ინფორმაცია მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.

ქარტია სხვადასხვა მედიაორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, თუ რა სახის ზიანი მიადგათ მედიაორგანიზაციებსა და მათ თანამშრომლებს:

  • ტელეკომპანია „პირველის” ინფორმაციით, დაზიანებულია მაუწყებლის კუთვნილი ტექნიკა;
  • ტელეკომპანია „ფორმულას” ინფორმაციით, მაუწყებლის ჟურნალისტს, გუგა დვალიშვილს მიკროფონი წაართვეს და ხელიდან გააგდებინეს, ოპერატორს კი მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა; სცემეს „ფორმულას” სხვა გადამღები ჯგუფი – გიორგი გაბუნია და ლექსო ხომასურიძე;
  • „რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ესროლეს ჯოხები;
  • თავს დაესხნენ და თავში კეტი ჩაარტყეს „ტაბულას” ჟურნალისტს, მაკო ჯაბუას, რომელსაც ეცვა მაისური, წარწერით „პრესა”.
  • სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს „ნეტგაზეთის” ჟურნალისტს, ლუკა პერტაიას.
  • თავს დაესხნენ On.ge-ს ჟურნალისტს, თამთა კახაბერიძეს.
  • პალიტრანიუსის ინფორმაციით, ნაცემია მედიასაშუალების ოპერატორი, მას დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული, დაზიანებულია ტელეარხის ვიდეოკამერა.

ქარტია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაიცვას მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონო ხელისშეშლისაგან და ძალადობისგან.