ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ,,ქართული ოცნების” წევრების გადაწყვეტილებას, არ მისცენ კომენტარი იმ 4 ტელევიზიას, რომლებმაც პროტესტის ნიშნად 1 დღით მაუწყებლობა შეწყვიტეს, მედიის და ზოგადად, გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

„საქართველოში, როგორც დემოკრატიულ ქვეყანაში, ერთ-ერთი უმაღლესი ღირებულება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაა. რაც არ უნდა კრიტიკულ და სხვა ჯგუფებისთვის მტკივნეულ თემაზე ამზადებდეს ჟურნალისტი გადაცემას, მისი გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს. მმართველ პარტიას შევახსენებთ, რომ ხელისუფლება ვალდებულია ემსახუროს და იყოს ანგარიშვალდებული ხალხის წინაშე. მედია კი უზრუნველყოფს მთავრობის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალობას ხალხის წინაშე.

აღნიშნული ვალდებულება მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად წინასაარჩევნო პერიოდში იძენს. ქარტია მოუწოდებს ,,ქართულ ოცნებას” შეწყვიტოს მედიის წარმომადგენლების მისამართით აგრესიული რიტორიკა და გადავიდეს მედიასთან საქმიანი ურთიერთობის რეჟიმში“,- ნათქვამია განცხადებაში.