ქარტია მოუწოდებს შსს-ს შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი

პუბლიკა

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ჟურნალისტებზე ანგარიშსწორება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ქარტია ასევე მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება.

„დღეს, 19 ნოემბერს, დილით, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა „მთავარი არხის“ ოპერატორზე, სერგი ბარამიძეზე, და დააკავა ის. ოპერატორი მელიქიშვილის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა – ის პოლიციელების მიერ აქციის მონაწილის დაკავებას იღებდა.  სერგი ბარამიძეს რამდენიმე პოლიციელი განსაკუთრებული სისასტიკით დაუპირისპირდა. ოპერატორს მიღებული აქვს ფიზიკური დაზიანებები. დამტვრეულია კამერა. ამ დროისთვის უცნობია, თუ სად იმყოფება სერგი ბარამიძე.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, პოლიციელებმა დაარტყეს „პუბლიკას“ ჟურნალისტს მინდია გაბაძესაც.

მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, პოლიციამ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა ასევე OC Media-ს ჟურნალისტს მარიამ ნიკურაძეს და „ნეტგაზეთის“ კორესპონდენტს გივი ავალიანს.

„ფორმულას“ პირდაპირ ეთერში ამ ტელეკომპანიის კორესპონდენტმა გიორგი კვიჟინაძემ თქვა, რომ პოლიციელები მას და მის ოპერატორსაც უშლიდნენ ხელს გადაღებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს „მთავარი არხის“ ოპერატორი სერგი ბარამიძე.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნელივ დაიწყოს სერგი ბარამიძის და სხვა ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.