ქარტია პოლიტიკოსების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია პოლიტიკოსების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.

„ქარტია გმობს პოლიტიკოსების მხრიდან მედიის საქმიანობის ნეგატიურად შეფასების ბოლო დროს გახშირებულ შემთხვევებსა და მათ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობად აფასებს.

16 თებერვალს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „განსაკუთრებით ჟურნალისტები იღებენ მონაწილეობას რაღაც კონსპირაციული, დეზინფორმაციული, საბოტაჟური სახის მოქმედებების დაგეგმვაში”.

ამავე დღეს, პარლამენტის ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, ავთანდილ ენუქიძემ ცილისწამების შესახებ კანონის მიღება მოითხოვა. 17 თებერვალს პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „პარტიულმა ტელევიზიებმა ბილწსიტყვაობის დამკვიდრება სერიალებიდან დაიწყეს, რითაც საზოგადოების „ყური შეაჩვიეს” ენის შეურაცხყოფას”.” – ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მიაჩნია, თანამდებობის პირების მხრიდან მედიის მისამართით გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა, შესაძლოა, წაახალისოს ძალადობა ჟურნალისტების მიმართ.

ქარტია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები.