ქარტია POSTV-ზე: იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა ეს მედია ასრულებს

პუბლიკა

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც პროპაგანდისტული არხის POSTV-ის მიერ მოქალაქეების მიმართ წამოწყებულ მადისკრედიტირებელ კამპანიას ეხმაურება.

ქარტიაში ამბობენ, რომ პარლამენტის მხრიდან რუსული კანონის მეორე მოსმენით ჩაგდების შემდეგ ტელეკომპანია POSTV-მ დაიწყო მადისკრედიტირებელი კამპანია იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ.

„იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსული კანონის მიზნებს ახლა სწორედ ეს მედია ასრულებს. ამასთან, არის დისკუსიები, რომლის მიზანიც მხოლოდ ევროსკეპტიციზმის გაზრდაა მოსახლეობაში.

მედიის როლი არ არის კონკრეტული პირების მიმართ მადისკრედიტირებელი კამპანიის წარმოება. მედია ხელს არ უნდა უწყობდეს სიძულვილის გაღვივებასა და საზოგადოების პოლარიზებას.

ამასთან, მედია, როგორც მეოთხე ხელისუფლება, არ უნდა ცდილობდეს საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული ქვეყნის კურსის საწინააღმდეგო კამპანიების წარმოებას.

მედია სწორედ იმით გამოირჩევა ყველა სხვა ნებისმიერი პირისგან, რომ იგი ხაზს უსვამს საკუთარ თავს, როგორც ინფორმაციის გამავრცელებელ საშუალებას, ასეთად აღიქმება საზოგადოების მიერ და არსებობს მოლოდინი, რომ იგი პატივს სცემს საზოგადოების უფლებას, მიიღოს სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია.

გარდა ამისა, მედია ვალდებულია, დაიცვას საერთაშორისოდ აღიარებული ეთიკური ჟურნალისტიკის სტანდარტები.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის POSTV-ის, უნდა ახსოვდეს მედიის როლი და დანიშნულება“, – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

პროპაგანდისტული არხი POSTV, რომლის მფლობელიც უმრავლესობის დეპუტატი და პრორუსული „ხალხის ძალის“ წევრი ვიქტორ ჯაფარიძეა, ბოლო დღეებია სოციალურ ქსელში აქვეყნებს იმ ადამიანების ფოტოებს და საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, ვინც ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას პოსტებს იწონებს.