ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გმობს ქარტიის საბჭოს ყოფილ თავმჯდომარეზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე ჯგუფურ თავდასხმას და შინაგან საქმეთა სამინისტროს ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიებისა და დამნაშავეთა მთელი სიმკაცრით დასჯისკენ მოუწოდებს.
ქორიძის თქმით, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში, მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნებიდან“ დიმიტრი სამხარაძე და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გიორგი მანველიძე და მასთან მყოფი სხვა პირები თავს დაესხნენ, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
„15 იანვარს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ მომხდარი ინციდენტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მავნებლური პოლიტიკის პირდაპირი შედეგია. ის წლების განმავლობაში აწარმოებდა კამპანიას დამოუკიდებელი და კრიტიკული ჟურნალისტების მიმართ სიძულვილის გასაღვივებლად და ახალისებდა სისასტიკესა და ძალადობას. 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ ქვეყანაში კრიტიკული ხმების ჩასახშობად და მედიის გასანადგურებლად რეპრესიების მომდევნო ეტაპზე გადავიდა – მის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ძალადობრივი ქმედებების შედეგად მხოლოდ ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში პროფესიულ საქმიანობაში 100-მდე ჟურნალისტს შეეშალა ხელი. ბევრმა მათგანმა მიიღო ფიზიკური დაზიანება, მათ შორის მძიმე. დღემდე არ არის გამოვლენილი და დასჯილი არცერთი დამნაშავე. ბოლო კვირაში ამ ყოველივეს დაემატა გამოცემების „ბათუმელები“ და „ნეტგაზეთი“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის დაპატიმრება შეთითხნილი ბრალდებით და მის მიმართ მკაცრი სასჯელის – მრავალწლიანი საპატიმრო აღმკვეთი ღონისძიების – მოთხოვნა.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების დევნა და შევიწროება, ხოლო შინაგან საქმეთა სამინისტროს სთხოვს, დაუყოვნებლივ გამოიძიოს „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული, ყოფილი და მოქმედი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ქმედებები და კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯოს ისინი“, – აცხადებს ქარტია.
ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“ თავს დაესხნენ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას და ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს. „პუბლიკის“ ინფორმაციით, თავდასხმაში „ქართული ოცნების“ პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები მონაწილეობდნენ. ექიმის თქმით, გახარიას ჰქონდა ცხვირის ძვლის მოტეხილობა და თავის ტვინის შერყევა.