„ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოუწოდებს დაიცვას „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის უსაფრთხოება.
„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, დაუყოვნებლივ დაინტერესდეს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ ჟურნალისტის პირადი მონაცემების უკანონოდ გასაჯაროების ფაქტით და მიიღოს ზომები ამ ფაქტის აღსაკვეთად და ჟურნალისტის უსაფრთხოების დასაცავად” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.
საუბარია 2 თებერვალს ე.წ სამხრეთ ოსეთის КГБ-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე, სადაც აღნიშნულია, რომ თამარ მეარაყიშვილი აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას, რითაც საფრთხეს უქმნიდა თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას და რომ ის წარმოადგენდა ინფორმაციის წყაროს სხვადასხვა მედიასაშუალებისთვის, რომელთა შორისაა „ამერიკის ხმა“.
განცხადებასთან ერთად, КГБ-ს პრესსამსახურის ხელმძღანელმა ეკატერინე ბიაზროვამ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უშიშროების კომიტეტის ოფიციალურ ფეისბუქ ჯგუფში გაავრცელა თამარ მეარაყიშვილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ფოტო, ასევე მის მობილურ ტელეფონში შენახული ნომრების სქრინები, სადაც სახელმწიფოს ყოფილ და ახლანდელ მაღალჩინოსნების ნომრებთან ერთად ერთ-ერთ სქინზე მოხვდა „ამერიკის ხმის“ ყოფილი კორესპონდენტის, ნინო დალაქიშვილის, მობილური ტელეფონის ნომერი.
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი თამარ მეარაყიშვილის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სსკ -ის 276-ე მუხლით (ჯაშუშობა) გამოძიებას განაგრძობს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ ცნობით, მეარაყიშვილი ქართულ სპეცსამსახურებთან სადაზვერვო და დივერსიული საქმიანობის მიზნით თანამშრომლობდა.
საოკუპაციო რეჟიმის თქმით, თამარ მეარაყიშვილის თითოეული ნაბიჯი უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ იყო კოორდინირებული და ქართული მხარის ინტერესებს ემსახურებოდა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის ცნობით, მეარაყიშვილს კავშირები ჰქონდა ხელისუფლების ახლანდელ და ყოფილ მაღალჩინოსნებთან.